Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის თანახმად, მიმდინარეობს მზადება ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრისთვის


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი (კოლაჟი).

განიარაღების საკითხებში აშშ-ის ელჩის, რობერტ ვუდის თქმით, მიმდინარეობს მზადება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრისთვის.

ვუდმა 11 მაისს გაეროს კონფერენციაზე გამოსვლისას თქვა, რომ ორი პრეზიდენტი „შეთანხმდა სტრატეგიულ სტაბილურობაზე დისკუსიების ფარგლებში ისაუბროს შეიარაღების კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხებში წამოჭრილი საკითხების შესახებ“. „ისინი ამ დისკუსიებისთვის მზადების პროცესში იმყოფებიან,“ თქვა მან.

ბაქოში ვიზიტისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა ვუდის კომენტარები და განაცხადა, რომ მოსკოვი გამოვიდა წინადადებით, განიხილონ შეიარაღების კონტროლისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, თუკი ორმხრივი სამიტი შედგება. მან ასევე თქვა, რომ მოსკოვი ჯერაც ელის ვაშინგტონისგან პასუხებს ნებისმიერი სავარაუდო შეხვედრის თაობაზე.

ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ თავის რუს კოლეგას შეხვდება ივნისში ევროპაში მოგზაურობის დროს. აშშ-ის პრეზიდენტი აპრილში გამოვიდა წინადადებით, მესამე ქვეყანაში გაიმართოს შეხვედრა, რათა სხვა საკითხებთან ერთად განიხილონ უკრაინის მიმართ რუსეთის მზარდი სამხედრო მუქარა, სავარაუდოდ რუსეთის ჰაკერების მიერ წარმოებული კიბერთავდასხმები და პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საკითხი. ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის რუსეთის მიმართ მკაცრი იქნება ნებისმიერ მტრულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს ესწრაფვის თანამშრომლობას, სადაც ორ მხარეს საერთო ინტერესები აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG