Accessibility links

site logo site logo

უფალი რომ ქალი ყოფილიყო, თანაც, კაპასი


"ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტრუნია" (2019, მაკედონია, რეჟისორი ტეონა სტრუგარ მიტევსკა. ინგლისური სახელწოდება “God Exists, Her Name is Petrunya”)

.პეტრუნიას "სივში" უწერია, რომ ისტორიკოსია. ეს პროფესია პოსტკომუნისტურ მაკედონიაში არავის სჭირდება.

პეტრუნიამ 30-ს გადააბიჯა, მაგრამ სამუშაოს ვერ შოულობს. მორიგი გასაუბრების შემდეგ ისევ უარს ეუბნებიან სამსახურზე. სასოწარკვეთილია და სასოწარკვეთილ გადაწყვეტილებას იღებს - "კაცების კონკურსში" მონაწილეობს. უფრო სწორად, რელიგიურ ზეიმში, რომელსაც ყოველწლიურად მართავენ მაკედონიაში: აქაური მღვდელი ხიდიდან მდინარეში ჯვარს აგდებს. ის, ვინც პირველი მისწვდება ჯვარს გაყინული წყლის ფსკერზე, გამარჯვებულად ცხადდება. უფრო მეტიც, გავრცელებული აზრით, მთელი მომდევნო წელი მისთვის განსაკუთრებით იღბლიანი იქნება. - მთავარი აქ ისაა, რომ კონკურსი მხოლოდ მამაკაცებისთვის ტარდება. კომუნისტური იუგოსლავიის დაშლის შემდეგ აღდგენილი ამ რიტუალის ისტორიაში პეტრუნია პირველი ქალი იქნება, რომელმაც კაცებთან შეჯიბრება გაბედა. უკვე სრულიად უიმედოს, სიცოცხლის საზრისდაკარგულს, ძალიან სჭირდებოდა სხვებისთვის და, შესაძლებელია, საკუთარი თავისთვისაც ეჩვენებინა, რომ ის არსებობს და, რაც მთავარია, მის არსებობას ჯერ კიდევ აქვს აზრი.

დამეთანხმებით, ალბათ, რომ რელიგიური ფანატიზმის თემაზე გადაღებულ ფილმებს, როგორც წესი, აკლიათ სოციალური კონტექსტი. ამ სურათებში ფანატიზმი წარმოდგენილია ხოლმე, როგორც "ადამიანის ბუნების" გამოვლინება - განსაკუთრებით მაშინ, როცა მოძალადის როლს არა ერთი ან ორი გმირი, არამედ ხალხის მასა, ბრბო ასრულებს. ტეონა სტრუგარ მიტევსკას ფილმმა თავდაპირველად შეიძლება სწორედ ასეთი კინო მოგაგონოთ, ჩვენი კინოკრიტიკოსების ჟარგონზე "ენჯეოშნიკური კინო"... მაგრამ დაასრულეთ ფილმის ყურება, სანამ ასეთ განაჩენს გამოიტანთ. "ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტრუნია" არა იმდენად რელიგიურ ფანატიზმს უპირისპირდება, რამდენადაც პოსტკომუნისტური სისტემის სახეს ქმნის, ღარიბი, დაღლილი (დაცლილი!) ქვეყნის სახეს, სადაც განვითარება შეჩერებულია და სადაც ადამიანებს ისღა დარჩენიათ, რომ სასწაულის სწამდეთ - იქნებ რელიგიურ რიტუალში მაინც გაუღიმოთ ბედმა.

ქალი, უმაღლესი განათლებით, თანახმაა თითქმის ყველანაირ სამუშაოზე და თავდაპირველად იმასაც კი ეგუება, რომ დამქირავებლის ძალადობის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს. ისეთი ლამაზი არაა, რომ სხეულით იშოვოს ფული. არც ისტორიკოსი სჭირდება "თავისუფალ ბაზარს" .. და როდესაც პეტრუნია გაიაზრებს, რომ ვერანაირად ვერ ხდება "ბაზრის ქალი", იგი ბრძოლას დაიწყებს - ბრძოლას ამ ბაზრის და პატრიარქალური სისტემის წინააღმდეგ.

ჰო, ესაა ყოფილი კომუნისტური სისტემის განვითარების პარადოქსი. კაპიტალიზმი აქ უცნაურად მოერგო ეკლესიას და რელიგიურ ტრადიციებს, რომელთა საბოლოოდ ჩახშობა კომუნისტებმა, უბრალოდ, ვერ მოასწრეს. ასეა პოლონეთში, ასეა სერბეთში, რუსეთში, საქართველოში... ასეა მართლმადიდებლურ მაკედონიაშიც. "ველურმა კაპიტალიზმმა" მშვენივრად გაუგო "ველურ რელიგიას". ტეონა მიტევსკა ეხება ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, გვიამბობს, როგორ მოასწრო რელიგიამ და როგორ დაიკავა ნიშა, რომელიც დაცარიელდა კომუნისტური სისტემის დანგრევის შემდეგ. ფანატიზმი და ირაციონალიზმი პოსტკომუნისტურ იუგოსლავიას ისევე ახასიათებს, როგორც რუსეთს, საქართველოს. პეტრუნიას მსგავსი ქალები კი ყველა მხრიდან განიცდიან ზეწოლას - "პატრიარქალური კაპიტალიზმი" ასეთ ქალებს ზედმეტად, უფუნქციოდ მიიჩნევს. ასე ხდება პეტრუნია თანამედროვე წამებული, პოსტკომუნისტური სამყაროს ჟანა დ’არკი, მე ვიტყოდი "კვაზიწმინდანი", მითის გმირი, რომელმაც არაადამიანურ დამცირებას გაუძლო, რომელიც თითქმის მარტო დარჩა თავის ბრძოლაში ამ ჯერ კიდევ პატრიარქალურ სამყაროში ადგილის მოსაპოვებლად.

რამდენიმე ჟანრი ერთიანდება ამ მაკედონიურ ფილმში. "ღმერთი არსებობს.." ერთდროულად ტრაგიკომედიაცაა, ფარსიც, სოციალური სატირაც. ავტორი ქმნის მიზოგინიისა და მასკულინობის კარიკატურას, მაგრამ ძალზე ზომიერია იმ ტრადიციის, იმ არქაული რიტუალის მიმართ, რომლისაც სჯერა აქ ხალხს. ესაა მნიშვნელოვანი ფილმში, რომელიც უპრიზოდ დატოვეს 2019 წლის ბერლინის კინოფესტივალზე (თუმცა, ჩემი აზრით, სურათი "ოქროს დათვს" იმსახურებდა), დაადანაშაულეს პოლიტკორექტულობაში, სწორხაზოვან ფემინიზმში... არა, რა "ენჯეოშნიკობა" და თავს მოხვეული ლიბერალიზმი, რას ამბობთ! ბეწვის ხიდზე გადის რეჟისორი და იმ ბარბაროსობასაც კი, რომელსაც მისი დამცველები "მართლმადიდებლურ ტრადიციას" უწოდებენ, არ ეხება და არ აფასებს. ამაზე, ე.ი. დღევანდელ მოდურ გამოთქმას თუ გამოვიყენებთ, "სახალხო რელიგიურობაზე" სურათის რეჟისორი არ ცდება. ბოლოს და ბოლოს, ეს რიტუალიც და სასწაულის მოლოდინიც იმ სოციალური ფონის ნაწილია, რომელშიც ცხოვრობს პეტრუნია. არა, მას აინტერესებს, პირველ რიგში, პეტრუნია - დაჩაგრული და შეურაცხყოფილი ქალი, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად გამარჯვებული ხდება.

პეტრუნია მამაკაცური რიტუალის ტრიუმფატორია. ამან გააბრაზა კაცები და იმ ტრადიციების დამცველები, რომლებიც თავად მამაკაცებმა შექმნეს. მაგრამ რა მოხდებოდა მაშინ... უფალი რომ ქალი ყოფილიყო? როგორ მოიქცეოდნენ კაცები? როგორი სამყარო გვექნებოდა? როგორი შეჯიბრებები და რიტუალები? და, რაც მთავარია, როგორი კანონები? გიფიქრიათ, ალბათ, ამაზე. და თუ არ გიფიქრიათ, ტეონა სტრუგარ მიტევსკას ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად დაფიქრდებით. მით უმეტეს, რომ დღევანდელ საქართველოში კანონისა და ტრადიციის კონფლიქტს მუდმივად, ყოველდღიურად ვაკვირდებით. აგერ, ჯერ კიდევ 2 წლის წინ

ლევან ვასაძე თავის ორგანიზებულ "ნამდვილი კაცების" აქციაზე დაემუქრა სამართალდამცავებს, ლგბტ პირებს, ელჩებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს... ამბობდა, რომ პოლიციას თუ არ "ეყოფა ჭკუა" და კორდონს ჩადგამს, მაშინ "სახალხო ლეგიონი" კორდონს კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს. და რა მერე? ბიზნესმენი ვასაძე მუქარისთვის არავის დაუსჯია, იგი პოლიტიკაში მოვიდა.

ლევან ვასაძე კი არა, აგერ, ქალბატონი წულუკიანი ერთ სატელევიზიო გადაცემაში საჯაროდ ბრძანებს, არჩევანი რომ იყოს გულსა და კანონს შორის, მე გულს ავირჩევდიო. კულტურის მინისტრს, არა უშავს, ეპატიება, მაგრამ ამას იუსტიციის ყოფილი მინისტრი ამბობს!

და ასეა აქაც, მაკედონიაში. მას მერე, რაც რელიგიური რიტუალის გამარჯვებული გახდება, პეტრუნიასაც დაუსვამენ ამ კითხვას: რა უფრო მნიშვნელოვანია - ტრადიცია (რომელსაც გული... უფრო სწორად, "გულები" ქმნის) თუ კანონი, სამართალი. აღმოჩნდება, რომ კანონის დარღვევას ეს ხალხი დიდად არ ეწინააღმდეგება. აი, ტრადიციის დამრღვევი კი მკაცრად ისჯება, ტრადიციის დამრღვევს კომბლებით ემუქრებიან.

დიახ, ბერლინის ფესტივალზე ეს მაკედონიური ფილმი მთავარი პრიზის გარეშე დატოვეს. ჩემი ვარაუდით, დასავლეთმა, უბრალოდ, ვერ გაიგო "პეტრუნია", ვერ ჩასწვდა ტკივილს, რომელსაც ატარებს მაკედონიური სურათი ფილმის პირველივე კადრიდან ფინალამდე. დასავლეთი ვერ იგებს, რას ნიშნავს ადამიანის დასჯა "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის"... რომელი კანონით შეიძლება გაამართლო ადამიანის დევნა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი უმრავლესობაში არ აღმოჩნდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველამ განდევნა, ან თავად გადაწყვიტა ასე, თავად გააკეთა ეს არჩევანი.

არც მე მესმის და მით უმეტეს ვერ ვიგებ, რატომ აბობოქრდებიან ხოლმე "მორწმუნეთა უფლებების დამცველები" მაინცდამაინც გაზაფხულის ყველაზე ლამაზ თვეში - მაისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG