Accessibility links

site logo site logo

მძიმეა ყველა ღამე - ინტერვიუ საქართველოს ელჩთან ისრაელში, ლაშა ჟვანიასთან


ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირებამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით სახიფათო სახე მიიღო. დაბომბვის პარალელურად, ისრაელის ქალაქები არეულობამ მოიცვა. 

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ისრაელის რამდენიმე ქალაქში "ძალიან მძიმე ღამე" იყო და დაბომბვის პერმანენტული საფრთხის გამო, ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს "სტრესის მართვა" უწევთ. რა ხდება ისრაელის ქალაქებში? რა საკითხებთან დაკავშირებით მიმართავენ ისრაელში მცხოვრები ადამიანები საელჩოს? შესაძლებელია თუ არა ევაკუაცია და სპეცილური რეისების დანიშვნა?

რადიო თავისუფლება: ბატონო ლაშა, გუშინ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ღაზის სექტორთან ახლოს მდებარე ქალაქ აშკელონში, სადაც რაკეტა მრავალსართულიან სახლსაც მოხვდა. ხომ არ დაშავდნენ საქართველოს მოქალაქეები?

ჩვენთან ასეთი ინფორმაცია არ შემოსულა, რომ გუშინდელი დაბომბვის შედეგად დაშავდა საქართველოს რომელიმე მოქალაქე. ორი დღის წინ საქართველოს ერთი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა დაბომბვის შედეგად - მას შუშის ნამსხვრევები მოხვდა და ხელი დაუზიანდა. ეს ადამიანი სიკვდილს გადაურჩა, რადგან რამდენიმე წამიც რომ დარჩენილიყო იმ ადგილას, სადაც იყო, დაბომბვაში მოჰყვებოდა და ძალიან მძიმე შედეგი გვექნებოდა.

რაც შეეხება ქალაქ აკოში დაშავებულ პირს, მორ ჯანაშვილს, ის საქართველოს მოქალაქე არ არის, ისრაელის მოქალაქეა და ქართველი ებრაელების ოჯახიდან არის. ის მძიმედ დაშავდა, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა. ლინჩის წესით გაუსწორდნენ... არაბების ჯგუფი დაესხა თავს იმის გამო, რომ მის მანქანას ისრაელის დროშა ეკეთა.

ის ამ დროს ახლოს იყო დედის საცხოვრებელ სახლთან. ხმაურზე, ყვირილსა და ცემაზე მეზობლად მცხოვრები არაბები გამოვიდნენ და უშველეს მას და გადაურჩა სიკვდილს.

ზოგადად, ქალაქ აშკელონში ძალიან მძიმეა ყველა ღამე. ეს არის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი ღაზას სექტორთან და ამიტომ რაკეტების წვდომადობა უფრო მაღალია, როგორც აშკელონთან, ასევე მის მიმდებარე დასახლებებთან. მაგალითად, ასევე ძალიან მძიმე ღამე იყო წუხელ ბეერ-შევასა და აშდოთისთვის... ბოლო დღეებში ისრაელში რამდენიმე შემთხვევა ფატალურად დასრულდა, დაწყებული 6 წლის ბავშვიდან 87 წლის ქალამდე.

დაბომბვის მხრივ ყველაზე სახიფათოდ კვლავ ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილები რჩება.

რადიო თავისუფლება: ქუჩის თავდასხმებისა და არეულობის მხრივ რამდენად რთულია ვითარება და რომელ ქალაქებშია ეს პროცესი?

ისრაელი მიჩვეულია სარაკეტო თავდასხმებს, თუმცა ახლა რაც ხდება, უფრო ფართომასშტაბიანია სხვებთან შედარებით. ისრაელი ასევე მიჩვეულია ე.წ. ინტიფადას, რაც ქვების სროლას ნიშნავს, მაგრამ ისრაელის საზოგადოება არ არის მიჩვეული დაპირისპირებების ესკალაციას შერეულ ქალაქებში, სადაც ბოლო ათწლეულების მანძილზე არაბები და ებრაელები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ეს არის ყველაზე მძიმე და ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება. ის რაც ერთ წუთში იძაბება, მერე ამის მკურნალობას საზოგადოების შიგნით უკვე წლები სჭირდება...

ყველაზე დაძაბული მდგომარეობა იყო გუშინ ქალაქ ლოდში, როგორც საჰაერო დარტყმებით, ასევე - მიწაზე. პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში იყენებდა ძალას, რომ დაეშალა როგორც არაბი, ასევე ებრაელი ახალგაზრდების ექსტრემისტული ჯგუფები. ისინი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ეს არის საზოგადოების ძალიან პატარა ნაწილი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ის ამინდს ქმნის ქვეყანაში.

მიწაზე ამჟამად დაძაბულობაა ქალაქებში: ლოდი, აკო, ხაიფა და რამლე. მანამდე, ქალაქ ბათ იამში ახალგაზრდა ებრაელების ჯგუფმა დაამსხვრია არაბების მაღაზიებისა და კაფეების შუშები. ქალაქ ლოდში კომენდანტის საათიც არის გამოცხადებული.

რადიო თავისუფლება: მუდმივად აფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და მოუწოდებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ საელჩოს და ამისათვის ფეისბუკიც გამოიყენონ. რა სახის პრობლემებით მოგმართავენ?

შეკითხვები ჩემს პირად მესინჯერზეც შემომდის. წუხელ შეინიშნებოდა უფრო სტრესის მართვის საკითხები. იწყებენ პრაქტიკული შეკითხვით, მაგრამ მერე გრძნობ, რომ გასაუბრება და დამშვიდება უფრო სჭირდება ადამიანს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც, მაგალითად, სულ რამდენიმე თვეა ისრაელშია, ხვდება აშკელონში, აშდოთში ან ბეერ-შევაში და ასეთი გაუგონარი და ჯერ უნახავი ფაქტის წინაშე დგება.

ძალიან მძიმე ღამეები აქვთ. არ სძინებია ბევრს უკვე რამდენიმე ღამეა. გამოდიან თავშესაფრიდან და ხუთ წუთში ისევ უკან დაბრუნება უწევთ.

რადიო თავისუფლება: თქვენ როგორ ეხმარებით სტრესის მართვაში?

ველაპარაკებით, ვაკვალიანებთ. მაგალითად, ადამიანი გვეკითხება - არ გამოგვიყვანთ აქედან?! ვუხსნით, რომ ისრაელი ევაკუაციას არ აცხადებს, რადგან დაბომბვის დროს ევაკუაცია რომ განახორციელოს, ნიშნავს, რომ სასაკლაოს აწყობს თვითონ ქვეყანა.

თავშესაფარი აქვს სახლების აბსოლუტურ უმრავლესობას. ახალ აშენებულ შენობებში, (ბინებში) აუცილებლად არის ერთი ტყვიაგაუმტარი ოთახი; სადაც ასეთი ოთახები არ არის, სადარბაზოებს აქვთ სარდაფები თავშესაფრის ფუნქციით; ხოლო სადაც ასეთი სარდაფები არ არის, უბანში აუცილებლად არის დიდი საერთო თავშესაფარი, სადაც ყველას შეუძლია მისვლა.

გვეკითხებიან ასევე, მაგალითად - დაინიშნება თუ არა სპეციალური რეისი ხალხის გასაყვანად. სპეციალური რეისის დანიშვნის საჭიროება არ არის, რადგან დღეს ამ დროისთვის უკვე ორი ავიარეისი შესრულდა თბილისის მიმართულებით, ხოლო გუშინ - სამი. სპეცრეისი შეიძლება დაინიშნოს მაშინ, როცა გეგმური რეისები შეწყვეტილია. რეისები არის, გაფრენა თავისუფალია. თუ ვინმეს არა აქვს ტრანსპორტირების საშუალება, შეგვიძლია მანქანაც გავუგზავნოთ.

რომ შევთავაზე ადამიანების გარკვეულ რაოდენობას - აი, ხვალ 10:00 ან 12:00 საათზე არის რეისი და შეგიძლიათ გაფრინდეთ-მეთქი, მიპასუხეს - გვირჩევნია დავიცადოთ და შემდეგ წავიდეთო.

საუბრის დროს წყნარდებიან და რწმუნდებიან, რომ თუკი უსაფრთხოების ელემენტარულ ზომებს დაიცავენ, ყველა პრობლემა გადაივლის.

რადიო თავისუფლება: არ უნდათ ისრაელის დატოვება?

ზოგმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ დატოვოს ისრაელი.

ასევე, საფრთხეში გვყავდა 8 დაკავებული პირი, რომლებიც დეპორტაციას ექვემდებარებოდნენ. ოთხმა მათგანმა შეიძინა ბილეთები და ჩვენ მოვახერხეთ, რომ 19 მაისის ნაცვლად, გუშინ (13 მაისს) გაგვემგზავრებინა. ოთხ მათგანს არ ჰქონდა ბილეთის შეძენის საშუალება და არც იცოდნენ, ისე ვუყიდეთ ბილეთები და გუშინ აეროპორტში რომ აღმოჩნდნენ, გაკვირვებულები იყვნენ, როგორ მოვხვდით აქო.

რადიო თავისუფლება: საელჩომ იყიდა მათი ბილეთები?

დიახ, სწორად რომ გამიგოთ, ჩვენი პრაგმატული ინტერესიც არის ეს, რადგან ერთი ცხელი წერტილი გვაკლდება კრიზისის მართვის დროს. ჩვენ, სულ ცოტა, 15-16 ადამიანის კრიზისის მართვა გვჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ნაკლები კოლექტიური კრიზისის წერტილი გვქონდეს.

ისრაელის მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და გუშინ მოახდინა ამ პირების ბადრაგირება. ეს პირები არ არიან პატიმრები, ისინი უბრალოდ, როგორც ვთქვით, დეპორტაციას ექვემდებარებოდნენ.

რადიო თავისუფლება: ავტომობილით მომსახურების შეთავაზებით თუ ისარგებლა ვინმემ? გაუგზავნეთ ვინმეს ავტომანქანა?

შეთავაზება გვქონდა, მაგრამ არავის სჭირდება, იცით...

ტრანსპორტის მოძრაობა არ არის შეჩერებული და ასევე, ყველას აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ აეროპორტამდე მისასვლელად ტაქსი აიყვანოს. საერთოდ, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი კოლექტიური შეგნება და თანადგომის რაღაც საოცარი უნარი ამ კრიზისული პერიოდების დროს. ყველა გვიდგას გვერდში.

აი მაგალითად, არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აქ დიდი ხანია ცხოვრობენ და მანქანაც ჰყავთ. გვთავაზობენ - თუ გჭირდებით, შეგვიძლია დაგეხმაროთო.

მარტო არ ვართ. ვამბობთ ხოლმე - საელჩოში 5-6 ადამიანი ვართ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ 600 ადამიანი ვართ ერთად. ბევრი ქართველი გვიდგას გვერდით. საპატრიარქოს სახლები რაც არის აქ, მთლიანად ხალხის განკარგულებაშია.

რადიო თავისუფლება: უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული ახალი რეკომენდაციები ხომ არ გაქვთ ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის?

უნდა გავითვალისწინოთ ის ელემენტარული რეკომენდაციები, რასაც ისრაელის „ზურგის მართვა“ გვაწვდის ყოველდღიურად: განგაშის ზარის დროს თავშესაფარში მშვიდად უნდა შევიდეთ, ყოველგვარი სიჩქარისა და პანიკის გარეშე; ღია სივრცეში ათ კაცზე მეტი არ უნდა შეიკრიბოს; ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება არ უნდა მოხდეს ისეთი ტრასებით, სადაც ადამიანმა თავშესაფარი, შესაძლოა, 5 წუთის მანძილზე ვერ იპოვოს.

ასეთ დროს ყველაზე მთავარია სიმშვიდე - ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე მთავარია. ასევე, მოდუნება არ შეიძლება, როცა რამდენიმე საათიანი სიწყნარეა ქვეყნის ტერიტორიაზე. არ უნდა იფიქროს არავინ, რომ ეს სიწყნარე უცბად, ერთ წუთში არ შეიძლება დაირღვეს.

ქუჩის არეულობასთან დაკავშირებით პარასკევს და შაბათს შედარებით მშვიდად ვიქნებით, ალბათ, რადგან სამუშაო დღეები არ არის და ქუჩებში ნაკლები ადამიანი გადაადგილდება და მათ შორის - ჩვენი მოქალაქეებიც.

ქალაქ ლოდში მყოფებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ, კომენდანტის საათის გამო, ქუჩაში გასვლა აკრძალულია საღამოს 8 საათიდან გათენების 4 საათამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG