შაბათს ბელარუსის ქალაქ მოგილიოვში 20 დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს „დოიჩე ველეს“ შტატგარეშე კორესპონდენტ ალექსანდრ ბურაკოვსა და ქალაქის ახალი ამბების საიტ 6tv.by-ის თანამშრომელ, ვლადიმირ ლაპტევიჩს, რომლებიც დამნაშავედ მიიჩნიეს სასამართლოს წინ „არასანქცირებულ აქციაში“ მონაწილეობისთვის.
ჟურნალისტები 12 მაისს დააკავეს, მოგილიოვის სასამართლოსთან, სადაც აქტივისტ პაველ სევერენიცისა და ბელარუსის ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების დახურული პროცესი მიმდინარეობდა.
უფლებადამცველი ტელეგრამის არხის Mayday-ის თანახმად, მოგილიოვის ოლქის სასამართლოს წინ იმ დროს არავითარი აქცია არ გამართულა და სასამართლო ცრუ მოწმეების ჩვენებებს დაეყრდნო.
სასამართლო პროცესზე ბურაკოვმა განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ მას იზოლატორში არაადამიანურად ეპყრობოდნენ: არაერთხელ გააღვიძეს ღამით, აიძულეს გაშიშვლებულიყო და არ მისცეს ნათესავების მიერ გაგზავნილი ამანათი. ანალოგიურად ექცეოდნენ ლაპტევიჩსაც. ორივე ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ცნობით, ამჟამად ქვეყანში გისოსებს მიღმა მასმედიის 16 წარმომადგენელი იმყოფება, მათ შორის, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მედიაკონსულტანტი იჰალ ლოსიკი.
დაწერეთ კომენტარი