Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილოშ ზემანმა „უგუნურება“ უწოდა რუსეთის მიერ ჩეხეთის შეყვანას "არამეგობრულ სახელმწიფოთა" სიაში


ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერს რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას, „უგუნურება“ უწოდა მოსკოვის მიერ ჩეხეთის შეყვანას „არამეგობრულ სახელმწიფოთა“ სიაში.

„ეს არის უგუნურება და შეცდომა რუსეთის მხრიდან, რომ ყოფილი მეგობრები მტრებად აქციო“, - განაცხადა მილოშ ზემანმა რადიოსადგურ „ფრეკვენსე 1“-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ „თუ მეგობრობა შეუძლებელია, მაშინ, ყოველ შემთხვევაში, კორექტული ურთიერთობები უნდა არსებობდეს.“

ჩეხეთის პრეზიდენტის ეს კომენტარი მოჰყვა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას „არამეგობრულ სახელმწიფოთა“ სიაში აშშ-ისა და ჩეხეთის შეყვანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ასეთ ქვეყნებს შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე აეკრძალოთ თავიანთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამუშაოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეთა აყვანა.

ეს ტერმინი „არამეგობრული სახელმწიფო“ პირველად აპრილში გაჩნდა რუსეთის კანონმდებლობაში. მაშინ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, „არამეგობრულ სახელმწიფოებს“ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე აეკრძალოთ თავიანთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამუშაოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეთა აყვანა.

დოკუმენტის მიხედვით, ჩეხეთს ახლა ნება ეძლევა, თავის დიპწარმომადგენლობაში 19 ადამიანი აიყვანოს, აშშ-ს - არცერთი. ეს შეზღუდვა არ ეხება აკრედიტებულ დიპლომატებს.

ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 17 აპრილს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ 2014 წელს ჩეხეთში იარაღის და ამუნიციის საწყობის აფეთქების უკან.

ამ ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა. პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსი დიპლომატების გაძევება დასაბუთებულია „არაორაზროვანი მტკიცებულებით“, რომელიც წარმოადგინეს ჩეხმა გამომძიებლებმა.
19 აპრილს 18 რუსი დიპლომატი, რომლებიც ჩეხეთმა მიიჩნია რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებად, ქვეყნიდან გააძევეს.

კრემლმა საპასუხოდ მოსკოვის დატოვება მოსთხოვა 20 ჩეხ დიპლომატს.

XS
SM
MD
LG