Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: მოლაპარაკებები გვაქვს Pfizer-ის მილიონ დოზაზე ივნის-ივლისისთვის


„ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, უფრო კონკრეტულად საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის უშუალოდ იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში და „ფაიზერის“ პრეზიდენტთან არაერთი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, პარალელურად კი აწარმოებს მოლაპარაკებებს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ქარხნებთან, „მოდერნასა“ და „ნოვაქსთან“ ვაქცინების მისაღებად.

„რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ ქალბატონ მინისტრთან ერთად დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ზაფხულში „ფაიზერი“ შემოვიდოდა, ჯანდაცვის მინისტრსაც და პრემიერ-მინისტრსაც აქამდე არაერთხელ უთქვამთ - ამ დროისთვის საქართველოში აცრა შესაძლებელია მხოლოდ „ასტრაზენეკათი“ 45 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის და „სინოვაკით“, რომელზე რეგისტრაციაც პირველი დოზისთვის ფაქტობრივად შეჩერებულია.

„ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. უკვე მოწერილია ხელშეკრულებები და უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ, ასე რომ, არ იქნება შეფერხება ვაქცინაციის პროცესში“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG