Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის ორგანიზაციების საქმეში ბრალდებამ დამატებითი მასალა წარმოადგინა, სასამართლო გადაიდო


ნავალნის მხარდამჭერთა შეკრება რეგიონში. 2020 წ. ფოტო.
ნავალნის მხარდამჭერთა შეკრება რეგიონში. 2020 წ. ფოტო.

ორშაბათს გადაიდო სასამართლო მოსმენა კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პოლიტიკური ორგანიზაციების თაობაზე. სასამართლოს უნდა განეხილა, მიჩნეულ უნდა იქნეს თუ არა ისინი „ექსტრემისტულად“.

17 მაისს სასამართლოს დაწყებისას პროკურატურამ დამატებით ექვსი ტომი წარმოადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავალნის ჯგუფის დაცვას მეტი დრო სჭირდება მის გასაცნობად. სასამართლო 9 ივნისამდე გადაიდო.

მოსკოვის საქალაქო სასამართლო განიხილავს პროკურატურის სარჩელს, რომელიც მოითხოვს, „ექსტრემისტული“ ორგანიზაციების სტატუსი მიენიჭოს ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს, მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდს და ნავალნის რეგიონულ შტაბს.

პროკურატურის თანახმად, ეს ორგანიზაციები სოციალური და სოციო-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას ეწეოდნენ თავიანთი მოწოდებებით.

ადამიანის უფლებების დამცველები მწვავედ აკრიტიკებენ პროკურატურის სარჩელს და მას უწოდებენ „სკანდალურ“ მცდელობას, ქვეყანაში ჩააჩუმონ და შეავიწროონ ნებისმიერი ოპოზიცია და სხვაგვარად მოაზროვნეები.

სარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც ფართოდ მიიჩნევენ მოსალოდნელ გადაწყვეტილებად, ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს, ვინც დაკავშირებულია ამ ორგანიზაციების საქმიანობასთან, „დაუყოვნებლივ წაუყენებენ ექსტრემიზმის ბრალდებას და ამას პატიმრობა მოჰყვება იმათთვის, ვინც ამ ორგანიზაციების ოფისებში მუშაობს, ვინც მათთან თანამშრომლობს და ვინც მათ ეხმარება,“ განაცხადა ნავალნის თანამებრძოლმა, ლეონიდ ვოლკოვმა.

რუსეთის კანონმდებლობით, „ექსტრემისტული“ ორგანიზაციის წევრობა ან მისი დაფინანსება 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG