Accessibility links

site logo site logo

ვცრით ბავშვებს კოვიდზე - ახლო თუ შორეული პერსპექტივა?


ამ მომენტისთვის მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის 1,5 მილიარდი დოზა უკვე გაკეთდა.

აცრილებს შორის არიან 15 წლამდე ბავშვებიც, რომლებიც კანადასა და ამერიკაში იცრებიან.

რა არის ცნობილი „ფაიზერის“ ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე ბავშვებში და რამდენად ახლოა საქართველოსთვის მოზარდების აცრის პერსპექტივა?

„ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს“ (FDA) დასკვნა ამბობს, რომ მოზარდებში ვაქცინა 100 %-ით ეფექტიანია. ამასვე ამბობდა თავად „ფაიზერიც“ ჯერ კიდევ მარტში.

„ფაიზერმა“ გამოიკვლია 200-მდე 12-15 წლის აცრილი მოზარდი და თითქმის ამდენივე ვაქცინირებული 16-25 წლის ახალგაზრდა. მონაცემები ერთმანეთს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვების იმუნური პასუხი არ ჩამოუვარდებოდა უფროსების მაჩვენებელს.

ასევე, დააკვირდნენ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან ერთი კვირის შემდეგ. კვლევის მონაწილე 1000-ზე მეტი ბავშვიდან არცერთს არ დაუდასტურდა ინფექცია, ხოლო 1000-მდე ადამიანიდან, რომლებსაც პლაცებო ეფექტის სანახავად მარილიანი ხსნარი გაუკეთეს, 16 კორონავირუსით დაინფიცირდა.

ეს მონაცემი მწარმოებელს აძლევს საფუძველს, თქვას, რომ ვაქცინა 100 პროცენტით ეფექტიანია კოვიდის წინააღმდეგ.

ვაქცინის ეფექტიანობასთან ერთად გაზომეს მისი უსაფრთხოებაც. კვლევის 2260 მონაწილე მოზარდიდან (12-15 წლის) 1131-ს „ფაიზერის“ ვაქცინა გაუკეთეს, 1129-ს კი, პლაცებო ეფექტის სანახავად - მარილიანი ხსნარი. ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების შემდეგ მონაწილეთა ნახევარზე მეტს აკვირდებოდნენ მინიმუმ 2 თვე.

კლინიკურ კვლევებში მონაწილე მოზარდებს ვაქცინაზე ისეთივე გვერდითი მოვლენები აღმოაჩნდათ, როგორიც მოზრდილებს, რომლებიც აიცრნენ „ფაიზერით“. ყველაზე ხშირად სტკიოდათ ნანემსარი, გრძნობდნენ დაღლილობას, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, ამცივნებდათ ან, პირიქით, ჰქონდათ ცხელება. ეს სიმპტომები 1-3 დღის შემდეგ ქრებოდა და, შესაბამისად, ექიმებმა დაასკვნეს, რომ „ფაიზერს“ რთული გვერდითი მოვლენები არც ბავშვებში აქვს.

ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად რეაგირებს ვაქცინაზე და ამიტომ აუცილებელი არ არის ყველას გამოუვლინდეს მასზე რაიმე რეაქცია.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს ბავშვებში და ბავშვები არ არიან მთავარ რისკჯგუფში, ნიუ-იორკაიმსის თანახმად, ჯერ კიდევ თებერვალში ამერიკაში 12 ბავშვი გარდაიცვალა COVID-19-ისგან. კანადაში 1.2 მილიონი შემთხვევიდან თითქმის 20% კოვიდინფიცირებული ბავშვია.

თუმცა ბავშვთა გარდაცვალება არც ყოფილა მათი ვაქცინირების გადაწყვეტილების საფუძველი. მთავარი ისაა, რომ აცრილები და ინფექციისგან დაცული მოსწავლეები რაც შეიძლება სწრაფად და მასობრივად დაბრუნდნენ სკოლებში.

5 მაისს ცნობილი გახდა, რომ კანადა დაიწყებდა 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრას. ის იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარი 12 წლამდე დასწია აშშ-მაც.

რას აპირებს საქართველო?

საცდელი ვირთხები არ არიან ბავშვები, რომ ექსპერიმენტები ატარონ

„14 წლის შვილი მყავს. ველოდებით, გერმანია როდის დაუშვებს 12 წლიდან ვაქცინაციას, რომ აუცილებლად ავცრათ, - გვეუბნება თამარ ვაჩაძე, გერმანიაში მცხოვრები მშობელი, რომელიც თავისი ორი შვილის აცრას აპირებს.

არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მისაღებია, თუმცა ბავშვებთან მიმართებით მეტ სანდო ინფორმაციას ელოდებიან.

კვლევები არ წამიკითხავს და ისეთი მოკლე ვადაა გასული, უფრო დიდ ვადაზე რა უკუჩვენებები შეიძლება გამოვლინდეს, არავინ არ იცის. ცოტა ხანი დავაკვირდები მოვლენების განვითარებას და შემდეგ უკეთ ავარჩევ, რომელი ვაქცინით ავცრა, - გვეუბნება ანი ჯიბუტი.

13 წლის ლიზას დედა, თამთა მახარაძე კი, პირიქით, კორონავირუსით გამოწვეულ შესაძლო გართულებებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების აცრაც.

სამომავლოდ რა დაზიანებას გამოიწვევს ვირუსი, არავინ იცის. ასევე უნდა აიცრან იმიტომ, რომ სხვა დაიცვან გავრცელებისგან. მე პედიატრი არ ვარ. როგორც რიგითი მშობელი, ისე ვმსჯელობ.

მაისში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პანდემია ბავშვების აცრის გარეშე ვერ დამარცხდება“, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ადვილად ერევიან კოვიდს, ვირუსის გადამტანებად მაინც რჩებიან.

საქართველოში „ფაიზერის“ ახალ დოზებს ივლისში ელოდებიან. შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველომ ივლისში დაიწყოს ბავშვების ვაქცინაცია? - ამ კითხვაზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჯერ ეს არ იგეგმება და ახალი ამბავია მსოფლიოსთვისაც.

ამ დროისთვის „ფაიზერი“ ერთადერთი ვაქცინაა, რომლითაც დაუშვეს ბავშვების აცრა, თუმცა ბავშვებზე ვაქცინის გავლენას სწავლობენ სხვა მწარმოებლებიც:

  • Moderna
  • Astra Zeneca
  • Johnson & Johnson

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების აცრის პროცესი დაიძრა და სხვა კომპანიებიც მიდიან ამ მიმართულებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოუწოდებს განვითარებულ ქვეყნებს, ბავშვების აცრის ნაცვლად ვაქცინა ღარიბ ქვეყნებს გაუნაწილონ.

„პირდაპირ მოვუწოდებ მათ, გადასინჯონ თავიანთი გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაცაშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს არ ჰყოფნით ვაქცინის მარაგი თუნდაც იმისათვის, რომ კოვიდსაწინააღმდეგო აცრები სამედიცინო პერსონალს ჩაუტარონ“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ განვითარებული ქვეყნები მიბაძავენ საფრანგეთსა და შვედეთს, რომლებიც COVAX-ს დაჰპირდნენ ვაქცინის მიცემას მას შემდეგ, რაც დაასრულებენ მოსახლეობის პრიორიტეტული ჯგუფების აცრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG