Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი: „უცხოეთის აგენტის“ კანონი რუსეთში ახრჩობს დამოუკიდებელ მედიას


ევროპის კავშირმა რუსეთს მოუწოდა, გააუქმოს თავისი სადავო კანონი „უცხოეთის აგენტის“ შესახებ, რომელიც სულ უფრო ხშირად გამოიყენება რუსულენოვანი მედიასაშუალებების, მათ შორის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) წინააღმდეგ.

მოწოდებამ, რომლითაც გამოვიდა საგარეო ურთიერთობების საკითხში ევროკავშირის მთავარი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერი, გაიჟღერა მაშინ, როცა რუსეთის ხელისუფლება აფართოებს 9 წლის წინ მიღებული ამ კანონის სამიზნე მედიასაშუალებების სიას და, ამავე დროს, ამ კანონის გამოყენების პრაქტიკას.

გასულ კვირაში სასამართლოს აღმასრულებლებმა დაიწყეს მოსკოვში რადიო თავისუფლების ბიუროს ქონების დაყადაღება და მოითხოვეს აღჭურვილობის სია, რომელიც პოტენციურად შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს კომპანიისთვის. აღმასრულებლებმა ასევე სასამართლოსგან მიიღეს ორდერი, დააყადაღონ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საბანკო ანგარიშები მოსკოვის ბანკში.

მანამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ „უცხოეთის აგენტის“ სიას უმატებს საინფორმაციო ვებსაიტ VTimes-ს, რომელიც გაზეთ „ვედომოსტის“ ყოფილმა თანამშრომლებმა დააარსეს. უფრო ადრე „როსკომნადზორმა“ სიაში შეიტანა ვებსაიტი „მედუზა“-ც.

პეტერ სტანო
პეტერ სტანო

„ევროკავშირი გამუდმებით მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას, გააუქმოს ეს მხუთავი კანონმდებლობა და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში,“ განაცხადა ბორელის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ 17 მაისს.

რუსეთის კანონმდებლობა ე.წ. „უცხოეთის აგენტის“ შესახებ 2012 წელს მიიღეს და მას მერე ის რამდენჯერმე განახლდა.

ამ კანონმდებლობით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დახმარებას და რომლებიც, მთავრობის აზრით, პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, რეგისტრაციაში უნდა გატარდნენ, როგორც „უცხოეთის აგენტები“ და აუდიტი გაირონ.

ამ კანონში მოგვიანებით შეტანილი ცვლილებების სამიზნე გახდა უცხოეთის მედიაც - მათ შორის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, ექვსი სხვა რუსულენოვანი საინფორმაციო სამსახური და რუსულენოვანი ტელეარხი Current Time-ი.

კანონი, რომლის მოქმედება მოგვიანებით ინდივიდუალურ ჟურნალისტებზეც გაავრცელეს, ერთ-ერთია რამდენიმე ზომიდან, რომლებსაც კრემლი მიმართავს უცხოეთიდან დაფინანსებული მედიის რუსეთში საქმიანობის აღსაკვეთად.

ამის პარალელური ზომაა „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონი, რომელმაც აიძულა, დახურულიყო რუსეთში მოქმედი არაერთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია - ძირითადად ევროპის კავშირიდან და აშშ-იდან.

„ასეთი ნაბიჯები აშკარად მიზნად ისახავს, დააბრკოლოს რუსეთში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქმიანობა, რაც ნაწილია უფრო ფართო ტენდენციისა, ქვეყანაში ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და კრიტიკული ხმები,“ განაცხადა სტანომ.

დღემდე „როსკომნადზორმა“ რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას წარუდგინა ოქმები 520-მდე დარღვევისთვის - „უცხოეთის აგენტის“ კანონით გათვალისწინებული მარკირების უქონლობის გამო. როგორც ვარაუდობენ, ყველა ამ ოქმის განხილვის შემდეგ რთე/რთ-ის ჯარიმების საერთო მოცულობა 2,4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

აქამდე ამ ჯარიმებზე რთე/რთ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში შეტანილი ყველა სარჩელი უკუგდებულ იქნა.

გარდა ამისა, ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში სააპელაციო სასამართლოებმა არ მიიღეს 2020 წლის დეკემბერში ინდივიდუალურ „უცხოეთის აგენტებად“ მიჩნეული რთე/რთ-ის სამი შტატგარეშე თანამშრომლის სარჩელები. ამის შედეგად ისინი იძულებული გახდნენ, დაწვრილებითი ფინანსური დეკლარაციები წარუდგინონ ხელისუფლებას და ყოველგვარ ელექტრონულ კომუნიკაციაში „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით იყონ მარკირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG