Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია „ბორჯომი“ გაფიცულ თანამშრომლებს დიალოგისკენ მოუწოდებს 


კომპანია IDS Borjomi International-ი თანამშრომელთა გაფიცვის ფაქტს გამოეხმაურა განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი გადანაწილების პრინციპით განახორციელოს:

„კომპანია ამჯერადაც მზად არის, პანდემიის დროს, უკვე მეორედ უზრუნველყოს ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი გადანაწილების პრინციპით. რაც სამწუხაროდ გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმად, კომპანია ზედმიწევნით იცავს თავის სოციალურ ვალდებულებებს და დასაქმებულებს სხვადასხვა ბონუსსა და შეღავათს სთავაზობს.

„გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა ხელფასების 50% ზრდაა. ვწუხვართ შექმნილი ვითარების გამო და გვსურს აღვნიშნოთ, რომ კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი, ზედმიწევნით იცავს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს. ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე. გარდა ამისა, კომპანიაში არსებობს ბონუსების, ფულადი დახმარებების, შვილების სწავლების დაფინანსების პროგრამები, ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება და სხვა სახის შეღავათები“, - განმარტავს კომპანია და ამბობს, რომ პანდემიის პირობებში 100%-იანი ხელფასით შეინარჩუნა თითოეული თანამშრომელი:

„მეტიც, სწორედ პანდემიის დროს, მაშინ როდესაც 2020 წელს ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 6.5% იყო, 2020 წლის აპრილში გავზარდეთ სახელფასო ფონდი 10%-ით, რაც თითოეული თანამშრომლის ანაზღაურებაზე აისახა“, - აღნიშნულია IDS ბორჯომის განცხადებაში. კომპანია გაფიცულ თანამშრომლებს დიალოგისა და გადაწყვეტილებების მოლაპარაკებების გზით მიღებისკენ მოუწოდებს:

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, მზად ვართ სამართლებრივ ჭრილში გავმართოთ კონსტრუქციული დიალოგი ჩვენს თანამშრომლებთან, რის მცდელობაც ბოლო პერიოდში არაერთხელ გვქონდა. ამიტომ ჩვენ გაფიცულ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკებების გზით მივიღებთ ყველასთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობას მცირედი შეფერხებით აგრძელებენ.

„ბორჯომის“ ქარხნის მუშები დღეს დილიდან გაიფიცნენ. ისინი მოითხოვენ ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას.

გაფიცვის ორგანიზატორია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი. მისი ინფორმაციით, გაფიცვამდე კომპანიას და დასაქმებულებსა და პროფკავშირებს შორის მიმდინარეობდა 21-დღიანი მედიაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ქარხნის მუშების ინფორმაციით, კომპანიამ ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირა და არც ზეგანაკვეთურ შრომას ანაზღაურებს. გაფიცულთა თანახმად, ისინი დასვენების გარეშე მუშაობენ.

პროფკავშირების ცნობით, გაფიცვაში ბორჯომის ქარხნების 350-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. გაფიცულები კომპანიასთან ღამის გათევას აპირებენ.

კომპანია IDS Borjomi International-ი 2012 წლიდან რუსული ჰოლდინგის, Alfa Group-ის მფლობელობაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG