Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მუმლაძე: ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანაში შეწყდეს პოლიტიკური დევნა


„მოძრაობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა გიორგი მუმლაძემ ბოლნისის სასამართლოში მისი და 5 აქტივისტის პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა იმ აქტიური ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ეგუებიან რეჟიმს და უსამართლობას აპროტესტებენ. მოძრაობის მიერ ბოლნისის რაიონულ სასამართლოსთან გამართულ აქცია-პერფორმანსზე მან თქვა, რომ რეპრესიები, დაკავებები და ჯარიმები მათ წინააღმდეგ ხელისუფლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და დევნის ობიექტებად მათი ოჯახის წევრებიც იქცნენ:

„ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართლის გამოყენება, თუ გვინდა დემოკრატია და თუ გვინდა ელემენტარული წესრიგი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყანა ჩაეფლობა ჭაობში, რომელიც საბოლოო ჯამში გადაიზრდება იმაში, რომ ამ ქვეყნიდან გაიქცევა ხალხი და დავრჩებით ნამდვილად ის კანტიკუნტი ადამიანები, რომლებიც ზოგი ციხეში ვიქნებით გამოკეტილები და ზოგი, ასე ვთქვათ, ვერ შეძლებს ქვეყნიდან წასვლას. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, დავდგეთ ერთად და ეს უმსგავსო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დავასრულოთ. ამისთვის კი უნდა გავაკეთოთ ის, რომ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს სრულფასოვნად აზრის გამოხატვის საშუალება და სრულფასოვნად უნდა მიეცეს საშუალება, რომ თავისი პოლიტიკური ცხოვრება წარმართოს ყოველგვარი დევნის გარეშე. ეს არის მთავარი მესიჯი. თუ ყველა ადამიანის მიმართ არ შეწყდება დევნა, კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ დევნის შეწყვეტა არც არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ რომ ყველა საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს დაცული და ყველას მიმართ თანაბარი მიდგომები უნდა იყოს გამოყენებული. როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ ბოლნისის რაიონული სასამართლოსთან გამართულ აქციაზე. აქცია წინ უძღოდა სასამართლო პროცესს, რომელზეც ამ წუთებშიც განიხილება მარნეულის მერიასთან დაკავებული 6 აქტივისტის საქმე.

29 აპრილს მარნეულის მერიასთან მიმდინარე აქციაზე „მოძრაობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მუმლაძე და 5 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. მათ წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით აღიძრა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მარნეულის მერიასთან 29 აპრილის დილიდან, გიორგი მუმლაძის ძმის, სიმონ მუმლაძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და მისი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი გააპროტესტეს.

სიმონ მუმლაძემ მედიასთან განმარტა, რომ საწარმომ, რომელშიც 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი უთხრა, რასაც იგი თავისი ძმის, გიორგი მუმლაძის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. სიმონ მუმლაძე ამბობდა, რომ იგი დასაქმებული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის შპს ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში.

აქციის მონაწილეები სიმონ მუმლაძის სამსახურში აღდგენას და ახსნა-განმარტებისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა გიორგი მუმლაძე და მასთან ერთად კიდევ 5 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. მოგვიანებით, 29 აპრილს სამოქალაქო აქტივისტები სასამართლომ გაათავისუფლა, პროცესი კი 19 მაისამდე გადაიდო.

XS
SM
MD
LG