Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის რწმუნებულები ისევ არ შეუშვეს


დღეს, 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად, ხელმძღვანელის მითითება დასახელდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ავრცელებს.

სოციალურ ქსელ ფეისბუკში იგი წერს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, სადაც დღეს პანსიონიდან არც ერთი ბავშვი არ გამოცხადებულა. ამ გარემოებას ომბუდსმენი იმით ხსნის, რომ დაწესებულებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიღებული ჰქონდა ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენელთა მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. მისივე ცნობით, სკოლის დირექტორთან გასაუბრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სკოლაში ბავშვები ზედამხედველების თანხლებით დადიან, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში იმყოფებიან და იქ ელოდებიან ბავშვებს. სახალხო დამცველის თანახმად, ეს პრაქტიკა არღვევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რაზეც სკოლის ადმინისტრაციას ადგილზე მიეცა რეკომენდაცია.

„სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონის მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 აპრილსაც ვერ მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.

სახალხო დამცველის აპარატისთვის განმეორებითი ხელშეშლის ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ამასთან, უგულებელყოფს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 56 არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს, რადგან ფაქტობრივ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაზე“, - წერს სახალხო დამცველი. მისი თქმით, სახალხო დამცველის მიერ საკითხის გასაჯაროების შემდეგ, სახელმწიფო სოციალურ მუშაკს მიეცა დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა, (თითქმის ერთი წლის შემდეგ), თუმცა აღნიშნული ვერ ჩაითვლება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულებად და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას, რადგან სააგენტო არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის აპარატმა რეაგირებისთვის მიმართა როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოს, თუმცა მათ ამ დრომდე არ განუხორციელებიათ ქმედითი ღონისძიებები პანსიონის ბენეფიციართა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

„სააგენტომ მხოლოდ 17 მაისს მოუწოდა პანსიონის ხელმძღვანელს, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მიეცა მისი საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობა, რაც დაუყოვნებლივ და ქმედით რეაგირებად ვერ ჩაითვლება“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი, რომლის თანახმადაც, 2017 წლიდან პანსიონის სააღმზრდელო საქმიანობის პირობები ორჯერ შეაფასა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ და დაწესებულებამ ვერცერთი შემოწმებისას ვერ წარადგინა ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ.

„დარღვევებს შორის იყო ბენეფიციარების ინფექციური დაავადებებისგან დაცვის, კვების რაციონის შემუშავების და დასვენების საკითხები, ამასთან, ოთახებში ბენეფიციართა განთავსების რაოდენობა აღემატებოდა ზღვრულ რაოდენობას“, - განმარტავს ომბუდსმენი. იგი ამბობს, რომ აღნიშნული საგანგაშო მდგომარეობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიმართავს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, მიაწვდის ინფორმაციას პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ წლების მანძილზე იქ არსებულ დარღვევებზე არაერთი მითითების შესახებ. ამასთან, კომუნიკაციისას სახალხო დამცველი შეაფასებს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულების ფარგლებში სახელმწიფო უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს, მათი მხრიდან განხორციელებული ღონისძიებების არაეფექტიანობასა და დაგვიანებას.

ომბუდსმენი აქვე მიუთითებს, რომ აპარატში დაწყებულია წარმოება საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, დაუყოვნებლივ შეასრულონ ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებები და უზრუნველყონ პანსიონში დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება. ამასთან, სახალხო დამცველი მოითხოვს, პანსიონში არსებულ განგრძობით დარღვევებს მოჰყვეს პროპორციული რეაგირება, მათ შორის, გადაიხედოს დაწესებულების სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შეწყვეტის საკითხი.

ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. იმის პარალელურად, რომ ომბუდსმენის აპარატი პანსიონში შესვლას ვერ ახერხებს, სასულიერო პირები აკეთებენ პირადად სახალხო დამცველის მიმართ შეურაცხმყოფელ და ომბუდსმენის სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ დამაკნინებელ განცხადებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG