Accessibility links

site logo site logo

გერმანიამ დაადასტურა ცნობა იმის თაობაზე, რომ აშშ სანქციებს არ დაუწესებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გერმანულ ოპერატორს


გერმანიის ხელისუფლებამ დაადასტურა ცნობა იმის თაობაზე, რომ აშშ არ შემოიღებს სანქციებს მშენებარე გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის კომპანია ოპერატორის წინააღმდეგ.

ამის თაობაზე განცხადება გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მან თქვა, რომ 19 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოაქვეყნებს ანგარიშს რიგი ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციების შესახებ. მაასის თქმით, ცნობილია პრეზიდენტის უარის თაობაზე სააქციო საზოგადოება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის, გერმანიის მოქალაქე მათიას ვარნინგის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ.

„ჩვენ ამას კონსტრუქციულ ნაბიჯად მივიჩნევთ. და მოხარულები ვართ, გავაგრძელოთ დისკუსიები ჩვენს პარტნიორებთან ვაშინგტონში,“ თქვა მაასმა და დასძინა, რომ ვითარების შესახებ ეთათბირა სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. მაასის თქმით, ბერლინი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, არ გაამკაცროს სანქციები, ხსნის „იმ უკიდურესად კარგი ურთიერთობების პატივისცემით, რომლებიც ჩამოყალიბდა ბაიდენის ადმინისტრაციასთან.“

Bloomberg-ი 19 მაისს იტყობინებოდა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის მიმართ შემზღუდავი ზომები შემოღებულ იქნება, რის შემდეგაც ისინი დაუყოვნებლივ გაუქმდება.

ადრე იმის თაობაზე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უარს იტყვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის სანქციების შემოღებაზე, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ პორტალი Axios-ი და სააგენტო Reuters-ი. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის უდიდესი აქციონერია რუსეთის კონცერნი „გაზპრომი“. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მიესალმება აშშ-ის მედიაში გავრცელებულ ცნობებს.

ეს ცნობები გაჩნდა ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე. ბლინკენი ადრე ამ პროექტს უწოდებდა „ცუდ იდეას ევროპისა და აშშ-ისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG