Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალენჯიხაში ავტოავარიაში 4 ახალგაზრდა დაშავდა 


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა. მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები. ვრცელდება ცნობები, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდები ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. დაშავებულები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მცხოვრებლები არიან.

როგორც რადიო თავისუფლებას სოფელ ფახულანში მერის წარმომადგენელმა ჯონი გოგოხიამ განუცხადა, ავტომანქანას სრულწლოვანი პირი მართავდა:

„ავტომანქანაში 4 პირი იყო. აქედან 2 არის სკოლის მოსწავლე. ის რომ ავტომანქანას სკოლის მოსწავლე მართავდა, არ არის სწორი ინფორმაცია. მთავარია, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ“, - თქვა ჯონი გოგოხიამ.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, 2 ახალგაზრდას მოტეხილობები აღენიშნება:

"ერთს აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ცდომით, მეორეს წელის მეხუთე მალის მოტეხილობა. ოთხივესთან ვლინდება მრავლობითი ზედაპირული ტრავმები და ექსკორიაციები, ისინი იმყოფებიან გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, უტარდებათ კვლევები და მკურნალობა", - აცხადებს სულხან ორჟონია.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG