Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ნაცვლიშვილი: სასამართლო კლანი ცდილობს წინმსწრებად დაიცვას თავისი პოზიციები


ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თუ რეფორმები სწორედ განხორციელდება, სასამართლო კლანს საქართველოში სერიოზული პრობლემები შეექმნება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევის საკითხის კომენტირებისას მან განაცხადა, რომ სწორედ მოსალოდნელი რეფორმების გამო, კლანი წინმსწრებად ცდილობს თავისი პოზიციების დაცვას:

„გამყარებას ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ეს ოთხი თანამდებობა ისედაც კლანის ხელში იყო. ამიტომ ეს გაზრდას არ ნიშნავს, ისევ მონიშნული ტერიტორიის დაცვას ცდილობენ ახლა ისინი მათთვის სანდო კადრებით. იმისთვის, რომ სანამ კანონი შეიცვლება და დააწესებს გარკვეული ტიპის ჩარჩოებს, რომლებშიც მათ ჩაჯდომა მოუწევთ, დაასწრონ ამ მოვლენებს. ამავე დროს გულწრფელები რომ ვიყოთ, რაც არ უნდა კარგი კანონი მიიღოს ამ ნაწილში, საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის საკითხში საქართველოს პარლამენტმა, უნდა ვიცოდეთ, რომ ასარჩევი ადამიანების რაოდენობა და მონაცემები არის ის, როგორიც არის დღეს მოსამართლეთა კორპუსი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, მოსამართლეები, რომელთა კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციებში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, დღეს უმცირესობაში არიან.

„ამიტომ იუსტიციის საბჭოს მცდელობა, რა თქმა უნდა არის ძალიან ცუდი და ძალიან უსინიდისო მცდელობა, მაგრამ ეს მცდელობა არ წარმოადგენს რაღაცა მოულოდნელობას... რაც არ უნდა კანონი შეიცვალოს, სამოსამართლო კორპუსი თუ არ შეიცვალა, იქიდან კარგი კადრების არჩევა კარგი წესის პირობებშიც კი ძალიან რთული იქნება. ეს არის კიდევ ერთი მაჩვენებელი და მტკიცებულება იმისა, რატომ უნდა წაბრძანდნენ ეს ადამიანები სახლში, როცა ფუნდამენტური რეფორმა გატარდება, იმიტომ, რომ როცა ასე იქცევა ინსტიტუცია, და ინსტიტუცია თეორია ხომ არ არის, იქ გადაწყვეტილებებს კონკრეტული ადამიანები იღებენ, მათი ადგილი სამართლიან სასამართლოში აღარ იქნება. და ეს იციან მათ ძალიან კარგად“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა „დილის საუბრებში“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა 29-ე რიგგარეშე კონფერენცია 26 მაისს დაინიშნა. კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა საბჭოს იმ 4 მოსამართლე წევრის ადგილმონაცვლეების შერჩევის საკითხიც, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ივნისში ეწურებათ. ესენი არიან დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია.

არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების ნაწილი მოითხოვენ შეჩერდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრის არჩევის საკითხი მანამ, სანამ 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად არ განხორციელდება მართლმსაჯულების რეფორმა. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს დაჩქარებული წესით შეიმუშაოს და მიიღოს „საერთო სასამართლოების“ შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება და საკანონმდებლო აქტით დროებით შეაჩეროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი. მათ შორის „ლელომ“ 19 მაისს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც დაარეგისტრირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG