Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს დღის 11 საათზე დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევას აპირებდა, დაცვის მხარემ კი მოსამართლეს უთხრა, რომ ისინი წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი მტკიცებულებების გამოკვლევას აპირებდა პროკურატურა სასამართლოზე, დაცვის უფლების სრულად განხორციელებისთვის კი ამ ინფორმაციის სხდომამდე ფლობა მნიშვნელოვანი იყო.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მომდევნო სხდომა 25 მაისს ჩანიშნა.

სხდომას არ ესწრებოდა თავად ნიკა მელია, რომელიც წინა სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა, გააძევეს.

ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა.

მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს. საბოლოოდ ნიკა მელიამ საპატირმო დაწესებულება 10 მაისს დატოვა მას შემდეგ, რაც მისი გირაოს თანხა, 40 000 ლარი ევროკავშირმა გადაიხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG