Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშიძე-კარასინის ონლაინშეხვედრა: რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 27%-ით


გრიგორი კარასინი, ზურაბ აბაშიძე.
გრიგორი კარასინი, ზურაბ აბაშიძე.

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრის დასაწყისში რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ილაპარაკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებაზე, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებზე.

აბაშიძემ ხაზგასმით აღნიშნა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის სასწრაფო განთავისუფლების აუცილებლობის შესახებ. „ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს“, - ვკითხულობთ პრესრელიზში.

სავაჭრო ურთიერთობები

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების საკითხი. „ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-აპრილში შეინიშნება პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 20%-ით და 476,21 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 27%-ით და შეადგინა 159,61 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 17%-ით და შეადგინა 316,60 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც. მიმდინარეობს შარშანდელი პანდემიური შოკით გამოწვეული ვარდნის გადალახვის პროცესი. საუბარი შეეხო ქონებრივი საკითხების მოგვარებასაც. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საჭიროებენ ორი ქვეყნის ექსპერტთა კონტაქტებს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ონლაინშეხვედრაზე საუბარი იყო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის შეთანხმებაზე. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას.

აბაშიძესა და კარასინს შორის ონლაინშეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა.

პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG