Accessibility links

site logo site logo

მხარეები იცავენ ღაზის სექტორში მიღწეულ საზავო შეთანხმებას


ღაზის სექტორში გასამხედროებულ დაჯგუფება ჰამასის ხელმძღვანელობით მოქმედ პალესტინელებსა და ისრაელს შორის საზავო შეთანხმებას, როგორც ჩანს, იცავენ მაშინ, როცა ეგვიპტე ცდილობს, უფრო ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში დაეხმაროს მხარეებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ორი სახელმწიფოს არსებობა ერთადერთი საშუალებაა კონფლიქტის მოსაგვარებლად. 21 მაისს ბაიდენმა ასევე პირობა დადო, რომ დიდ ფინანსურ პაკეტს მოუყრის თავს სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა ხელი შეუწყონ დანგრეული ღაზის სექტორის აღდგენას.

ზავი 21 მაისს შევიდა ძალაში მას შემდეგ, რაც 11 დღის განმავლობაში გრძელდებოდა სარაკეტო იერიშები ისრაელსა და ჰამასს შორის. ამ, წლების განმავლობაში ყველაზე მწვავე შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, ღაზას სერიოზული ზიანი მიადგა. ღაზაში მინიმუმ 232 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში - 12. დაჭრილია 2000-მდე ადამიანი. „ასოშიეიტედ პრესის“ თანახმად, ღაზის სექტორის ხელისუფლება იტყობინება, რომ, წინასწარი შეფასებით, განადგურებულია სამრეწველო საწარმოების უდიდესი ნაწილი, დანგრეულია 17 ათასამდე შენობა.

ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლები შუამავლობენ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში, რომელიც 22 მაისსაც გრძელდება.

ერთ-ერთი მთავარი საკითხია პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა. მრავალი დასავლელი დონორი ეწინააღმდეგება ფინანსური დახმარების აღმოჩენას ჰამასისთვის - ირანის მხარდაჭერით მოქმედი რადიკალური დაჯგუფებისთვის, რომელიც აკონტროლებს ღაზას და ისრაელის სახელმწიფოს დაუძინებელი მტერია.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზისთვის დახმარება კოორდინირებული იქნება პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ ჰამასმა არ გამოიყენოს ფონდები თავისი სამხედრო არსენალის შესავსებად. ამავე დროს, მან მხარდაჭერა გამოუხატა ისრაელს და თქვა, რომ რეგიონში სხვებმა უნდა აღიარონ მისი არსებობის უფლება.

22 მაისს Reuters-ი ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შესაძლოა გაემგზავროს ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

პალესტინელთა ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი უდგას სათავეში, ჰამასის მეტოქე ორგანიზაციაა და მას დასავლეთი უჭერს მხარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG