Accessibility links

site logo site logo

ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებმა უპასუხეს 20 ივნისს დაზარალებულთა წერილს


აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებული აქტივისტების 14 მაისის წერილს უპასუხეს.

ელჩები გამოთქვამენ იმედს, რომ მიღებული შეთანხმებით საქართველო შეძლებს გადადგას ნაბიჯი ფუნქციური პარლამენტის აღდგენისთვის, რომელიც იქნება იმ ფართო რეფორმების გატარების ერთგული, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს დემოკრატიას.

"19 აპრილის შეთანხმება იყო კომპრომისი, რომლამდე მიღწევაც მოხდა გამოწვევებით სავსე მედიაციის პროცესის შედეგად. პირველი პუნქტით შეთანხმებაში გაწერილია მზაობა გადაწყდეს აღქმული პოლიტიზებული მართლმსაჯულების შემთხვევები. ამის გათვალისწინებით, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული ამ ვალდებულებების ზუსტი მოდალობების განსაზღვრა, მათ შორის ამნისტიის კანონისა, რომელიც შეთანხმების მიზნებს ითვალისწინებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას და სხვა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრი საქართველოცაა.

შეთანხმებაში მოხსენიებული ამნისტია ეხება მტკივნეულ ეპიზოდს საქართველოს ისტორიაში, არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლთათვის, არამედ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვისაც, რომლებიც გამოწვევის წინაშე დადგნენ მომხდარი მოვლენების გამო. ასეთ პოლარიზებული გარემოში საჭიროა ინკლუზიური პროცესი პარლამენტში, რათა მოხდეს იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომლებიც თავიდან აირიდებს ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორებას და მოიტანს უფრო დიდი გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას", - ნათქვამია წერილში.

წერილში ელჩები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებულმა მხარემ უზრუნველყოს შეთანხმების წარმატებით განხორციელება, რათა საქართველოს პარალიზების გამომწვევი პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს. ეს კი საშუალებას მისცემს ყველა მხარეს, იმუშაოს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის განმტკიცებისა და გაძლიერებული დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების მისაღწევად.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაშავებული, ელჩებისთვის გაგზავნილი ღია წერილის ერთ-ერთი ავტორი, ირაკლი ფავლენიშვილი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორების პასუხი მათ წერილზე.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მათი მიზანი იყო პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრული და პოლიტიკური მართლმსაჯულების შემთხვევების აღმოფხვრა ქვეყანაში, ხოლო რა ფორმით მოხდება ამის აღსრულება, ეს უკვე პარლამენტის პასუხისმგებლობაა. ანუ ამნისტიის კანონპროექტი იმ ფორმით, რაც ჩვენ ვიხილეთ და რასაც ვეწინააღმდეგებით, არ არის საერთაშორისო პარტნიორების დაკვეთა".

ირაკლი აღნიშნავს, რომ ახლა მათი მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა კლასმა, რადგან, როგორც საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავენ, მიღებული კანონები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო კანონმდებლობას. 20 ივნისის აქციაზე დაშავებულები კი მიიჩნევენ, რომ არსებული კანონპროექტი ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, რადგან ამნისტიას განავრცობს იმ ადამიანებზეც, რომლებმაც დაარღვიეს აქციის მონაწილეთა ფუნდამენტური უფლებები, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG