Accessibility links

site logo site logo

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაშავებულები საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს მიმართავენ


20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაშავებული და უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავენ, რომ მათთვის მიუღებელია 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე დარეგისტრირებული კანონპროექტები. მათი შეფასებით, კანონპროექტები, რომლებიც ფაქტობრივად აქციის დამრბევ ყველა ხელმძღვანელ და ამსრულებელ პირზე ავრცელებს ამნისტიას, მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაქრობას, რაც მათთვის მიუღებელია:

"დაშავდა ასეულობით ადამიანი, მათ შორის 38 ჟურნალისტი. ხელისუფლების ცნობით, 20 ივნისის ღამეს საავადმყოფოში მიიყვანეს 240 ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რომლის არასრული ჩამონათვალი მოიცავს მრავლობით ნატყვიარებს, სხეულის სხვადასხვა მოტეხილობას, სახისა და თავის ქალის მსხვრევით დაზიანებებს, თვალისა და მხედველობის დაკარგვის მრავლობით შემთხვევას.

დემონსტრანტების ნაწილი დღემდე აგრძელებს მკურნალობის კურსს. აღსანიშნავია რომ მძიმედ დაშავებულ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები ხელისუფლების მხრიდან, არასათანადო ყურადღების და დახმარების გამო. სახელმწიფომ მხოლოდ 7 დემონსტრანტი ცნო დაზარალებულად. 50 დემონსტრანტზე მეტი ცდილობს ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოებში დაზარალებულის სტატუსის მიღებას და ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსირებას.

მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული იმავე ღამეს და ასეულობით აქტივისტს მოუწია რამდენიმე დღის გატარება საპატიმროში შეთითხნილი ადმინისტრაციული ბრალდების გამო. ასევე 20-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეები და მათ თვეების გატარება მოუწიათ საპატიმროში. ამ ფონზე პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ 3 თანამშრომლის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხოლო უკანონო ბრძანების გამცემი ვერცერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ბოლო 2 წლის მანძილზე", - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია:

„მიგვაჩნია, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მორიგ მძიმე დარღვევებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელისმომწერებიც სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას კრიზისულ პერიოდში ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობას უცხადებენ იმ ძალისხმევისათვის, რომლებიც მათ გასწიეს. ამავე განცხადებაში აქტივისტები მიმართავენ ელჩებს, რომ ძალისხმევა გასწიონ იმისთვის, რათა კრიზისი დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით გადაიჭრას:

„გთხოვთ დაეხმაროთ ჩვენ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე, რომ დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს შეუნარჩუნდეთ შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მაკო გომური, ირაკლი ფავლენიშვილი, კობა ლეთოდიანი, გიორგი სულაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, ვახტანგ ბერიკაშვილი, გელა ჭიღლაძე, ზაზა მღებრიშვილი, გიორგი ბულისკერია, ლუკა პეტრიაშვილი, თამარ ბაღაშვილი, დავით შეყილაძე, ბესიკ თამლიანი, ვატო გელაშვილი, დავით ხვადაგიანი, დემეტრე ნაყოფია და დავით ქურდოვანიძე.

27-28 აპრილს საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პარტიების მიერ შემუშავებული ორი დამოუკიდებელი კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლებიც 2019 წლის 19-21 ივნისში მონაწილე პირების ამნისტიას ითვალისწინებს.

ოპოზიციის მოთხოვნით, ამნისტირებული უნდა იქნეს ის მუხლები, რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთი მხრივ, 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილე პირთა მიმართ და, მეორე მხრივ, იმ პოლიციელთა მიმართაც, რომლებიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ამნისტირება არ უნდა შეეხოს მხოლოდ იმ მუხლებს, რომლებიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ეხება და ყველა სამართალდარღვევაზე უნდა გავრცელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG