Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოდომი და გომორი არ იქნება, აპოკალიფსი - კი!


ავტორი: მიკი მეტრეველი

ბიბლიის ღმერთმა, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გამოუტყდა თავს, რომ მის მიერ ტალახის გროვისგან შექმნილი და ქმნილებათა გვირგვინად დასახული ადამიანი შობიდანვე უკეთურებისკენ იყო მიდრეკილი, დაენანა რა, საკუთარი სიცოცხლის სუნთქვა კაცის ნესტოებში ჩაბერილი, გადაწყვიტა, მოესპო ადამიანი და მასთან ერთად დანარჩენი სამყარო. ძნელია სათქმელია, ღმერთმა საკუთარი თავი მარტოობისთვის ვეღარ გაწირა (ამის გამოცდილება მას უკვე ჰქონდა.), შემოქმედთათვის დამახასიათებელმა გულჩვილობამ სძლია და საკუთარი ხელიდან გამოსული შედევრი განადგურებისთვის ვერ გაიმეტა თუ სიბრაზის მოთოკვა მოახერხა, იმედგაცრუება მაინც იმედმა ჩაანაცვლა და მასსა და ლუციფერს შორის საფსონო ასპარეზად დადებული სამყარო და მისი მთავარი მოთამაშე – ადამიანი გამართლების, გამარჯვების, აზარტის დაუოკებელმა წყურვილმა გადაარჩინა. ისე კი ბიბლიური ღმერთი საკუთარი სიტყვის მტკიცედ დაცვით დიდად არასდროს გამოირჩეოდა. ფაქტი ერთია – იღბლიანი ნოე და უფრო იღბლიანი მისი ოჯახი ფაუნის ყველა წარმომადგენელთან ერთად კიდობანში აღმოჩნდა და გადარჩა. დანარჩენი კაცობრიობა კი წყალმა დაახრჩო.

წარღვნის დასრულების შემდეგ, ნოემ საკურთხველი გამართა და ღმერთს მსხვერპლი შესწირა. როდესაც სამსხვერპლო ცეცხლზე შეხრუკული ცხოველებისა და ფრინველების კვამლმა ღმერთის ნესტოებამდე მიაღწია, საკუთარმა გადაწყვეტილებამ კმაყოფილება მოჰგვარა და აღთქმა დადო: აღარასდროს დაეწყევლა ქვეყანა ადამიანის გამო და არც თავად ადამიანი გაენადგურებინა, რადგან ის ბუნებით ბოროტი იყო, და თუ იარსებებდა მხოლოდ და მხოლოდ ბოროტების ჩადენის პოტენციით და არამც და არამც მის გარეშე.

ბიბლიური თხრობის განმავლობაში იაჰვეს არაერთი ხალხი, ქვეყანა, ქალაქი, საგვარეულო თუ ოჯახი დაუწყევლია და პირისაგან მიწისაც აღუფხვრია, მაგრამ მთელი კაცობრიობა – აღარასოდეს. ფავორიტები, რჩეულები და რჩეულთა შორის რჩეულები გაიჩინა და ადამიანის ბუნების ცვლილებაზე ხელი აიღო. ბაბილონის გოდოლის ამშენებლებზეც პატიოსნად დაიცვა პირობა და მხოლოდ მსუბუქი სასჯელით – ენათა არევით შემოიფარგლა.

ძველი აღთქმის წიგნებიდან სოდომისა და გომორის დაქცევა წარღვნის შემდეგ ყველაზე ცნობილი აპოკალიფსური ამბავია, რომელიც არა მთელ კაცობრიობას, არამედ კონკრეტულ ქალაქებს დაატყდა თავს – სოდომსა და გომორს და მათ მიმდებარე დასახლებებს. იაჰვეს ვიღაცამ ამბავი მიუტანა, სოდომსა და გომორში ცოდვა დუღს და გადმოდუღსო. მარად ეჭვიანი იაჰვე ნათქვამში დასარწმუნებლად თავად გაემართა სოდომში. გზად, რა თქმა უნდა, აბრაამთან შეიარა, რომლის მსხვერპლის გაღების უნარმაც მომავალში ისე შეაყვარა ეს კაცი, მის გამო მთელი მოდგმა დაულოცა და ცაში ვარსკვლავივით და ზღვაში ქვიშასავით გაუმრავლა. აბრაამმა იცოდა რა იაჰვეს მრისხანების ხარისხი და შიშობდა თავისი ძმისშვილის ლოტის გამო, რომელიც ოჯახით სოდომში ცხოვრობდა, მას საუბარი წამოუწყო და ჰკითხა, მართალ კაცს ბოროტთან ერთად ხომ არ დაღუპავო? მანდაურობას ორმოცდაათი მართალი კაცის გულისთვის მაინც ხომ შეიწყალებო? აბრაამი ცდილობს, იაჰვეს პატივმოყვარეობაზე იმოქმედოს და მას შეახსენებს, შენნაირი სამართლიანი მსაჯულისგან ასეთი ქმედება არ ეგებისო. იაჰვე უხალისოდ პასუხობს, რომ თუ ორმოცდაათი მართალი აღმოჩნდება სოდომში, ქალაქს დაინდობს. აბრაამი აგრძელებს ვაჭრობას, ეტყობა, მარტო თავისი ძმისშვილის სათნოების იმედად ვერ დგება, – ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდესო? არც ორმოცდახუთი მართლის გამო დავანგრევ ქალაქსო, – იაჰვეს პასუხია. აბრაამი არ ცხრება და გამოუცდელი ვაჭარივით იაჰვეს ორმოცდაათი მართლიდან ორმოცდახუთის, ორმოცის, ოცდაათის, ოცის გავლით ათამდე ჩამოიყვანს და პასუხი მაინც არასახარბიელოა. სოდომში, გომორში და მათ მიმდებარე დასახლებებში ათი მართალი ადამიანი არ მოიძებნება იაჰვეს მრისხანება რომ დააცხროს და ქალაქები განადგურებისგან იხსნას!

საღამო ხანს იაჰვეს მაცნეები სოდომში შევლენ. მათ ლოტი ისტუმრებს. ქალაქში ხმა გავარდება, ლოტთან უცხო ჭაბუკები ჩამოვიდნენო. ლოტის სახლს იქაურები – ახალგაზრდებიც და მოხუცებიც მიაწყდებიან და მასპინძელს დაჟინებით მოსთხოვენ სტუმრების გამოყვანას, რათა „შეიცნონ“ (ძველ ქართულად „თანაეყვნენ“) ანუ მათთან სექსუალური აქტი დაამყარონ მათი ნების საწინააღმდეგოდ, ანუ გააუპატიურონ. ლოტი სტუმრების დაცვას ცდილობს, თანაქალაქელებს თავის ქალწულ ასულებს სთავაზობს სტუმრების სანაცვლოდ. ბრბო ცოფდება, მის ხიზნობას იხსენებს და უარესით ემუქრება, ვიდრე მის სტუმრებს უპირებს გაუკეთოს. აქ მეტი საინტერესო აღარაფერია. იაჰვეს მაცნე-ანგელოზები ლოტს და მის ოჯახს გაიყვანენ ქალაქიდან, არხეინი სასიძოები კი ლოტს ხუმრობად ჩაუთვლიან ნათქვამს, ქალაქში დარჩებიან და მასთან ერთად დაიბუგებიან. ლოტი ბიძასავით ევაჭრება ანგელოზებს – მთაში ვერ გავიქცევი, იმ ახლო-მახლო ქალაქში შევვარდებიო. ანგელოზები არ ამხობენ ამ ქალაქს, თუმცა მოგვიანებით არც აქ უჩერდება გული ლოტს და მთაში გარბის. სოდომი და გომორი კი გოგირდოვანი წვიმით იბუგება. გაქცევისას ლოტის ცოლმა ანგელოზთა გაფრთხილება დაივიწყა და ალმოდებული ქალაქისკენ გაიხედა, მაშინვე მარილის სვეტად გადაიქცა. განმმარტებლები ამბობენ, ლოტის ცოლი ცნობიერებით სოდომელი იყო და იმიტომო, მაგრამ კონკრეტიკისაგან თავს იკავებენ. სამაგიეროდ, ლოტის შვილები არ იყვნენ სოდომელები, რომლებმაც უკაცობისა და უშთამომავლობის შიშით მამა კარგად გამოათვრეს და მასთან ლოგინში იგორავეს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე მიუწვნენ მამას ორი ღამის განმავლობაში, ინცესტი ჩაიდინეს, მაგრამ მათ საქციელს ის ამსუბუქებს, რომ ეს ჯგუფურად არ გააკეთეს.

სულ ეს არის ბიბლიური ამბავი, რომელიც, რატომღაც ჰომოსექსუალიზმთან, ბისექსუალიზმთან და ტრანსგენდერიზმთან მებრძოლთა იარაღს წარმოადგენს, არადა თავად ამ ამბიდან ასეთი დასკვნა დიდად არ გამომდინარეობს. ცოდვილი ქალაქი ცოდვების გამო ისჯება, მაგრამ რა არის ეს ცოდვა? რა არის ცოდვა ძველი აღთქმისთვის, ახალი აღთქმისთვის, ბუდიზმისთვის ან ისლამისთვის? ძველ და ახალ აღთქმას სხვადასხვანაირად რომ ესმით ცოდვა? რელიგიათა შორისაც რომ სხვაობს ცოდვის გაგებაცა და კლასიფიკაციაც? სად გადის ზღვარი ცოდვის დაშვებასა და დაუშვებლობას შორის? რას ემსახურება რელიგიათა მიერ აღიარებული და დიდად პროპაგანდირებული „მონანიება“? არსებობს პასუხები ამ კითხვებზე? სოდომისა და გომორის ამბავი, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის – სიკეთის უპირატესობას ბოროტებაზე, რომ ათ მართალს ქალაქის ბოროტების დამარცხება შეუძლია, რომ სიკეთე თავისი ბუნებით, თვისობრივად, იმდენად აღემატება ბოროტებას, მათ შორის რაოდენობრივი მეტოქეობის დაშვებაც კი შეცდომაა. ცხადია, ეს, თუ გვწამს სიკეთე-ბოროტების, ცოდვა-მადლის დუალიზმი.

ამიტომ მე მშვიდად ვარ, ივერია უმალ გაბრწყინდება, ვიდრე სოდომივით დაიწვება. ათი მართალი რა გახდება ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში?! ჯერ მარტო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში რამდენი მოიპოვება! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორგანიზაცია „ზნეობა“ რამდენკაციანია? ათი კაცი მაინც არ იქნება მისი წევრი? თუ ისინიც არ ენდობიან თავიანთ ზნეობას, როგორც აბრაამი არ იყო ბოლომდე დარწმუნებული ძმიშვილის სათნოებაში? ასე რომ, მგონი, სოდომი და გომორი არ იქნება, აპოკალიფსი – კი! მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმის ღმერთიც მაგრად იმუქრება და გვაშინებს საბოლოო კბილთა ღრჭენით, კაცობრიობის დასასრული მაინც ბანალურად სასტიკი იქნება. უბრალოდ, საჭმელ-სასმელი გამოგველევა, შეიძლება, ჰაერიც და შიმშილით, წყურვილითა და უჟანგბადობით დავიხოცებით, ყველა, ვინც ამ დროს დედამიწაზე იცხოვრებს – ჰეტეროც, ჰომოც, ტრანსიც, ბოროტიც და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მართალიც.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG