Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთში თავხედობა და ტერორიზმი უწოდეს ლუკაშენკას რეჟიმის მიერ ჩატარებულ ოპერაციას


მინსკის აეროპორტში იძულებით დასმული Ryanair-ის თვითმფრინავი
მინსკის აეროპორტში იძულებით დასმული Ryanair-ის თვითმფრინავი

აშშ-მა თავხედური და შოკისმომგვრელი უწოდა ბელარუსის რეჟიმის მიერ ოპოზიციონერი ჟურნალისტის და ბლოგერის, რამან პრატასევიჩის დაკავებას.

23 მაისს, პრატასევიჩი იმყოფებოდა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავში, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის რეჟიმმა ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების საბაბით და ავიაგამანადგურებლის თანხლებით, ლაინერი მინსკის აეროპორტში დასვა. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. პრატასევიჩი დააკავეს.

ფოტო არქივიდან: რამან პრატასევიჩი
ფოტო არქივიდან: რამან პრატასევიჩი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტვიტერზე დაწერა, რომ მკაცრად გმობენ ლუკაშენკას რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ აქტს, რომელიც მიმართული იყო კომერციული რეისისთვის კურსის შეცვლისა და ჟურნალისტის დაპატიმრებისკენ. ბლინკენის თანახმად, აშშ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს და პარტნიორებთან კოორდინაცია აქვს.

საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს ნატოც. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მომხდარს უწოდა სერიოზული და სახიფათო ინციდენტი.

ბელარუსისგან რამან პრატასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. ის ტვიტერზე წერს, რომ სახელმწიფოს სპონსპორობით მინსკში მომხდარ ტერაქტზე ევროკავშირის ლიდერები დღეს იმსჯელებენ. ლიეტუვის პრეზიდენტის წინადადებაა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცე საფრთხის შემცველად გამოცხადდეს, ბელარუსის თვითმფრინავები ევროკავშირის აეროპორტებმა აღარ მიიღონ, მინსკში მომხდარი ინციდენტი კი დაუყოვნებლივ გამოიძიოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ.

ლიეტუვამ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა უკვე მოითხოვეს ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციები. მომხდარს სახელმწიფო ტერორიზმის აქტი უწოდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიცკიმ. ასეთივე შეფასება აქვს საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ რამან პრატასევიჩის დაკავება და Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი აშკარა შედეგების გარეშე ვერ დარჩება.

ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა, პოპულარული ტელეგრამ-არხის, Nexta-ს დამფუძნებელმა რამან პრატასევიჩმა ლუკაშენკას რეჟიმის მხრიდან დევნის გამო ბელარუსი 2019 წელს დატოვა და თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა. პრატასევიჩს ბელარუსის უშიშროების კომიტეტი ბრალს სდებს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში. ოპოზიციონერი ჟურნალისტი შეყვანილია სიაში იმ პირებისა, რომლებსაც მინსკის მტკიცებით, კავშირი აქვთ ტერორისტულ საქმიანობასთან.

XS
SM
MD
LG