Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Ryanair-ის ხელმძღვანელმა ბელარუსის ხელისუფლებას „საჰაერო მეკობრეობაში“ დასდო ბრალი


ავიაკომპანია Ryanair-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირიმ კომპანიის თვითმფრინავის ბელარუსში იძულებით დასმას უწოდა „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და „საჰაერო მეკობრეობა“ ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან.

ბელარუსის თავზე გადაფრენისას ეკიპაჟს მინსკიდან შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა იმყოფება და მან მინსკის აეროპორტში დაჯდომის განკარგულება მიიღო. დაჯდომის შემდეგ დააკავეს თვითმფრინავში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, Telegram-ის სატელევიზიო არხ NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რამან პრატასევიჩი, რომლის წინააღმდეგაც ბელარუსში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

Ryanair-ის ხელმძღვანელმა უარყო პილოტების მისამართით გამოთქმული პრეტენზია და თქვა, რომ პილოტებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც მათ ხელთ იყო, რათა რეისი უსაფრთხოდ დასრულებულიყო. ო’ლირის სიტყვებით, „აშკარაა, რომ ხელისუფლების მიზანი იყო ჟურნალისტისა და მისი თანმხლები ქალის დაკავება“. ის ასევე მიიჩნევს, რომ თვითმფრინავში ბელარუსის კგბ-ს აგენტები იმყოფებოდნენ.

როგორც BBC იუწყება, პრატასევიჩის გარდა ბელარუსის ხელისუფლებას მასთან ერთად შეიძლება დაეკავებინა რუსეთის მოქალაქე, ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტი სოფია საპეგა. ის ვილნიუსში არ ჩაფრენილა, ისევე, როგორც რუსეთის კიდევ ოთხი სხვა მოქალაქე. მისი დაკავების შესახებ ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა.

დასავლეთმა მკაცრად დაგმო Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმა და რამან პრატასევიჩის დაკავება.

XS
SM
MD
LG