Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვა კრძალავს თვითმფრინავებს, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეში შევლენ


ლიეტუვა აცხადებს, რომ ნებართვას არ გასცემს იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით მიფრინავენ ან მოფრინავენ - მას შემდეგ, რაც ვილნიუსისკენ მიმავალი თვითმფრინავი, რომელშიც ცნობილი ოპოზიციონერი ჟურნალისტი იჯდა, აიძულეს, მინსკში დაფრენილიყო.

"აკრძალულია ყველა რეისი, რომელიც ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით მიფრინავს, ან მოფრინავს ლიეტუვის აეროპორტებში", - განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა, მარიუს სკუოდისმა სამთავრობო შეხვედრაზე. აკრძალვა ძალაში შედის 25 მაისს, ადგილობრივი დროით დილის 3 საათიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ლიეტუვის მოქალაქეებს ურჩევენ, არ ჩავიდნენ ბელარუსში, ხოლო მათ, ვინც უკვე იქ არის, მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. მინისტრის თქმით, 23 მაისს კომპანია რაინეარის თვითმფრინავის მარშრუტის იძულებითი შეცვლა და დაშვება ასახავს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ სიტუაციას.

პარალელურად, კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია, Avia Solutions Group-ი აცხადებს, რომ ლიეტუვისკენ მიმავალი მისი ავიახაზები აღარ გამოიყენებენ ბელარუსის საჰაერო სივრცეს.

ბელარუსის ხელისუფლებამ საბრძოლო თვითმფრინავი გამოიყენა ვილნიუსიდან ათენისკენ მიმავალი, რაინეარის სამგზავრო თვითმფრინავის ესკორტისთვის, ბომბის შესახებ, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, უსაფუძვლო ცნობის გამოყენებით. როცა თვითმფრინავი დაეშვა, პოლიციამ დააკავა ოპოზიციონერი აქტივისტი და ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი, რომელზეც ბელარუსში საქმეა აღძრული.

ევროკავშირის მესვეურებმა და დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა დაგმეს ინციდენტი და ის შეაფასეს სახელმწიფოს მხრიდან კომერციული თვითმფრინავის გატაცებად. არის მოწოდებები ახალი სანქციების დაწესებაზე ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთვის - რომელიც ქვეყანაში ოპოზიციაზე ძლიერ ზეწოლას ახორციელებს, აგვისტოში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული არჩევნების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG