Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რიონის ხეობის მცველებმა“ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს


„რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით დაიძრნენ. ისინი აპირებენ, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტონ მოძრაობა.

„ჩვენ რადგან სცენა გვაქვს მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და ასევე კარვები გვაქვს გაშლილი იქ, ბუნებრივია, იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიძრათ რესპუბლიკის მოედანზე და იქ რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება დღეს ჩვენგან და არ გაიხსნება.

ამავდროულად, ახლოს ვიქნებით იმ ძირითად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი და გადაიკეტება იქ ყველაფერი, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და 26 მაისს ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ იქამდე არ შესრულდა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნები, მთელი დედაქალაქი დადგება ჩვენს გვერდით“, - მიმართა ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს.

მან აქვე კიდევ ერთხელ მოუწოდა დედაქალაქის მცხოვრებლებს, შეუერთდნენ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციას, მათ შორის, 26 მაისს. მისი თქმით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი აღლუმი არა თავისუფლების მოედანზე, არამედ გაიმართება იქ, სადაც "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები დგანან.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გუშინ, 23 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო დღეს, 24 მაისის 12:00 საათამდე მისცეს, დროის ამოწურვის შემდეგ კი ქალაქში მსვლელობები და გზის გადაკეტვა დაიწყეს.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემდეგ, „რიონის ხეობის მცველებმა“ დღეს რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა მოაწყვეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს იუსტიციის სახლთან. იუსტიციის სახლიდან შემდგომ მათ თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლეს, ახლა კი კვლავ რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
  • საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG