Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშ, პრესცენტრი გფარავდეთ!


ავტორი: ილია ჯიბღაშვილი

ერთი შეხედვით უბრალო ფრაზაა - მიმართეთ პრესცენტრს! - მაგრამ არაფერი შეგეშალოთ! ამ საკრალურ ფრაზას შელოცვის მსგავსი ძალა აქვს, დაახლოვებით ისეთივე, როგორც Expecto Patronum - ს (დემენტორებისაგან დამცავი შელოცვა) „ჰარი პოტერში“, ან დალოცვას - დიადი ძალა გფარავდეს! – „ვარსკვლავურ ომებში“. დაუსვამს ჟურნალისტი რომელიმე სახელმწიფო ფუნქციონერს უხერხულ კითხვას, ისეთს, მის არაკეთილსინდისიერებაზე ან არაპროფესიონალიზმზე რომ მიუთითებს, ფუნქციონერს პასუხი არა აქვს, ნუ კი აქვს, მაგრამ თავის პირით ხო არ იტყვის მექრთამე ან იდიოტი ვარო? არადა რაღაც აუცილებლად უნდა თქვას, ისე არ გამოვა, მაგრამ რომ არ იცის - რა? თითქოს ხსნა არსად არის, ეს აბეზარი ჟურნალისტიც რომ არ ეშვება? „დამპალი ესა“! და აი ამ დროს, ამ ამ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ, კუთხეში მიმწყვდეულ სახელმწიფო ფუნქციონერს გონება უნათდება და ამბობს მაგიურ შელოცვას, რომელიც ყოველთვის ჭრის - მიმართეთ პრესცენტრს! ახლა უკვე შეუძლია კამერას ზურგი აქციოს, კარი ცხვირწინ მიუკეტოს და მარტო დარჩენილმა დამცინავად ჩაიქირქილოს -„გეგონათ გამომიჭერდით?“ მას კითხვაზე პასუხი არ გაუცია, მაგრამ ამავე დროს ხო გასცა? თანაც როგორი ღირსეული? ამიტომ მან გაიმარჯვა! მაინც რა არის ამ ფრაზაში ასეთი განსაკუთრებული? რატომ მიიღო ის ყველამ? (და ფაქტია რომ მიიღო) და რაც მთავარია რატომ ჭრის (და ფაქტია რომ ჭრის) ყველგან და ყოველთვის? ტექსტში ყოველთვის ქვეტექსტია საძებნი და ასეა აქაც, ოღონდ ამას გონების დიდი დაძაბვა არ ჭირდება, პასუხი ზედაპირზე დევს. კონკრეტულ მოხელეს ეკითხები კონკრეტულ, აქტუალურ საკითხზე, რომელიც გაინტერესებს, როგორც მოქალაქეს, როგორც ჟურნალისტს და რას აკეთებს ის მოხელე? კონკრეტიკიდან გადადის ზოგადზე. ის საკუთარ პასუხისმგებლობას იმით ირიდებს, რომ იმ კონკრეტულ საკითხს რომელზეც ჰკითხეს, ანზოგადებს, მსგავს პრობლემებში ზელს (რომელიც სამწუხაროდ ოხრადაა) და ამბობს, რომ ისეთი პატარა ადამიანი როგორიც ის არის, ამაზე კვალიფიციურად ვერ უპასუხებს. ამიტომ ეგ კითხვები ზემოთ, მაღლა, იმათთან.... ეს ფრაზა დიდი ხნის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სავიზიტო ბარათი იყო, მაგრამ ახლა თითქმის ყველა სახელმწიფო უწყების თანამშრომელი იყენებს პრესასთან ურთიერთობისას (ჭრის და რატო არა რო?). არის ამ ფრაზაში კიდევ ერთი, ფარული და ყველაზე მთავარი, მუქარანარევი გზავნილი დაახლოვებით ამ შინაარსის - „მე რას ჩამაცივდი? მე რას მეკითხები? წადი აბა თუ მაგარი ხარ და პრესცენტრს კითხე, ჩემთან რო დიდი გული გაქ!“ და პრესცენტრი ვინ არის?.. სწორია, მთავრობა! იქ კი საკადრის პასუხს გასცემენ, იქ ეს არ ეშლებათ!

ვარაუდები იმის შესახებ - როდის ეშველება ამ ქვეყანას? ან როგორ? (ისეთნიც არიან, ვისაც მტკიცედ სჯერა რომ არასოდეს) თითქმის ყოველდღიურად გამოითქმის. მე კი დარწმუნებული ვარ, სანამ ეს ფრაზა - პრესცენტრს მიმართეთ! (რომელიც რეალურად წყევლაა და არა შელოცვა) - აქტუალური იქნება (ცხადია აქ ლაპარაკი არ არის იმ შემთხვევებზე, როცა მას მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვა აქვს, თუმცა ეს იშვიათად ხდება), სანამ მას მაღალი თუ დაბალი ჩინის სახელმწიფო ფუნქციონერები ტუალეტის ქაღალდივით ზედ შეაწმენდენ საკუთარ სიბინძურეს, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. რადგან ცივილიზებული, განვითარებული ქვეყანა, პერსონალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების ერთობისგან შედგება და არა ჯოგურად მოაზროვნე პრიმატებისაგან, რომლებიც კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში სახლობენ და შესაძლოა ჯიბეში „აიფონის“ ბოლო მოდელებიც უდევთ.

იქამდე კი... პრესცენტრი გფარავდეთ მეგობრებო!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG