Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა წყვეტს ავიამიმოსვლას ბელარუსთან


უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისს, 00:00 საათიდან შეწყდება საჰაერო მიმოსვლა ბელარუსთან. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ინფორმაციით, ავიამიმოსვლის შეწყვეტის გარდა, უკრაინულ ავიაკომპანიებს და თვითმფრინავებს აეკრძალებათ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენა.

უკრაინის გადაწყვეტილება უკავშირდება ბელარუსის რეჟიმის მიერ ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, რასაც კიევი აფასებს სამოქალაქო ავიაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევად.

23 მაისს, ლუკაშენკას რეჟიმმა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შეტყობინების საბაბით და ავიაგამანადგურებლის თანხლებით, მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ დააკავეს ლაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა.

რამან პრატასევიჩი, რომელიც მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ დააკავეს, პოპულარული ოპოზიციური ტელეგრამ-არხის, Nexta-ს დამფუძნებელია. მან ლუკაშენკას რეჟიმის მხრიდან დევნის გამო ბელარუსი 2019 წელს დატოვა და თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა. პრატასევიჩს ბელარუსის უშიშროების კომიტეტი ბრალს სდებს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში. ოპოზიციონერი ჟურნალისტი შეყვანილია იმ პირების სიაში, რომლებსაც, მინსკის მტკიცებით, კავშირი აქვთ ტერორისტულ საქმიანობასთან.

დასავლეთის სახელმწიფოებმა ლუკაშენკას რეჟიმის ქმედება საერთაშორისო ნორმებზე თავდასხმად შეაფასეს და პრატასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ევროკავშირის ლიდერები ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. ზომების მიღებას გეგმავს აშშ-იც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG