Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის არჩევნებში ირანის „გუშაგთა საბჭომ“ რეგისტრაციაში მხოლოდ 7 კანდიდატი გაატარა


იბრაჰიმ რაისი
იბრაჰიმ რაისი

ირანის „გუშაგთა საბჭომ“, ივნისში დანიშნულ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 590 პრეტენდენტიდან რეგისტრაციაში მხოლოდ 7 კანდიდატი გაატარა, რომელთა შორის გამარჯვებული შეცვლის ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ჰასან როჰანის.

ამის თაობაზე ჟურნალისტებს 25 მაისს აცნობა მკაცრი ხაზის მიმდევართა ორგანომ, რომელიც კანდიდატების კენჭისყრაზე დაშვებას განაგებს. ამასთან, რეგისტრირებულ კანდიდატთა ვინაობას მოგვიანებით საზოგადოებას ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო გააცნობს.

ანალიტიკოსების თქმით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო კანდიდატთა შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პრეტენდენტად სახელდება მკაცრი კურსის მომხრე იბრაჰიმ რაისი, ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეისთან დაახლოებული სასულიერო პირი, რომელიც წინა, 2017 წლის არჩევნების დროს, ჰასან როჰანის მთავარი კონკურენტი იყო.

რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, ზომიერი კურსის ჰასან როჰანის, რომლის მთავრობაც მხარს უჭერს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ხელმოწერილი 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების აღორძინებას, კონსტიტუციით მას არ აქვს პრეზიდენტის არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის უფლება.

პრეზიდენტის არჩევნები ირანში 18 ივნისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG