Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტი 16 ივნისს შედგება


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს შედგება ჟენევაში. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. ამ პერიოდში ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ საზღვარგარეთულ ტურნეს გამართავს ევროპის ქვეყნებში.

ეს პუტინისა და ბაიდენის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება სახელმწიფოს მეთაურების რანგში. მათ 2011 წელს გამართეს შეხვედრა მოსკოვში. ბაიდენს მაშინ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო.

ორშაბათს ცნობილი გახდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ნიკოლაი პატრუშევის კონსულტაციების შესახებ. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრეზიდენტების შეხვედრის მოსამზადებლად. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები დაინტერესებული არიან ურთიერთობების ნორმალიზებით.

სამიტის ჩატარება ბაიდენმა შესთავაზა პუტინს აპრილში გამართული სატელეფონო საუბრისას. ეს მოხდა ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კონფლიქტის გამწვავების დროს. ვაშინგტონი დატოვა რუსეთის ელჩმა ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინი მკვლელია. ამის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, მოსკოვი დატოვა აშშ-ის ელჩმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG