Accessibility links

site logo site logo

მოსკოვის სასამართლომ უარყო ივან საფრონოვისთვის პატიმრობის გახანგრძლივების თაობაზე საჩივარი


ივან საფრონოვი

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უარყო დაცვის საჩივარი „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩევლის, „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილი სპეციალური კორესპონდენტის, ივან საფრონოვისთვის პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე.

საფრონოვს სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ის ჩეხეთის დაზვერვას აშშ-ის ინტერესების სასარგებლოდ გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.

თავად საფრონოვი ბრალს არ აღიარებს. ის და მისი დაცვა აღნიშნავენ, რომ გამომძიებლებს ჯერაც არ გამოუცხადებიათ ბრალდებულისთვის, როდის და ვის გადასცა მან საიდუმლო ინფორმაცია და რას შეიცავდა ის. საქმის ყველა მასალა გასაიდუმლოებულია.

30 აპრილს მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ საფრონოვს 7 ივლისამდე გაუხანგრძლივა პატიმრობა, რაც მისმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს. აპრილშივე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ადვოკატი, ივან პავლოვი, ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის დანაშაულში ჟურნალისტის საქმის გასაჯაროების თაობაზე.

საფრონოვი არის ავტორი რამდენიმე გახმაურებული პუბლიკაციისა რუსეთის არმიისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. საქმის გამომძიებელმა ალექსანდრ ჩაბანმა მარტში ფსბ-ს პოლკოვნიკის წოდება მიიღო და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების უფროს გამომძიებლად დააწინაურეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG