Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლე შენგელია ამბობს, რომ თუ საბჭოში ახალ წევრებს არ აირჩევენ, კოლაფსი შეიქმნება


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ირაკლი შენგელია ამბობს, რომ აუცილებელია აირჩიონ საბჭოში ახალი წევრები, რათა არ შეიქმნას კოლაფსი. ამის შესახებ მან კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

„აუცილებლად უნდა მოხდეს იუსტიცის საბჭოს წევრების არჩევა. დაახლოებით ერთ თვეში 4 წევრს გასდის ვადა და კოლაფსი შეიქმნება, ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს საბჭო... აბსოლუტურად არანაირი კანონი არ ირღვევა... არავითარი კლანის მიღებული გადაწყვეტილება არ არის... კლანი არ არსებობს... არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოში, ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ... სასამართლო სისტემამ თვითონ იცის, ვინ უნდა აირჩიოს წევრად და ვინ - არა. ძალიან გთხოვთ, ხელს ნუ შეგვიშლით“, - თქვა მოსამართლემ.

თბილისში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენციის გასაპროტესტებლად აქცია იმართება. მოქალაქეები მოითხოვენ გადაიდოს იმ ოთხი მოსამართლის არჩევა, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - სასამართლოს სისტემის მმართველ რგოლში იმუშავებენ.

საერთაშორისო პარტნიორების გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების სადავო დანიშვნის გადავადებას მოითხოვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. ამ ნაჩქარევ პროცესში ისინი „სასამართლო კლანის“ გაძლიერების მცდელობასა და დამოუკიდებელი სასამართლოს მომავლის დამუხრუჭებას ხედავენ. პარლამენტში აცხადებენ, რომ პროცესი ვერ მოიცდის სასამართლო სისტემის პარალიზების საფრთხის გამო.

დიპლომატები იუსტიციის საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით - ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ითხოვდნენ.

  • 19 აპრილის შეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „სიღრმისეულ რეფორმასა“ და კანონმდებლობის სრულყოფამდე ახალი დანიშვნების შეჩერებას ითვალისწინებს.
  • 19 აპრილის შეთანხმებაში წერია, რომ კანონპროექტი 1 ივლისამდე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დასკვნის მისაღებად და პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG