Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს


გენერალი გიორგი კვინიტაძე საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენების შემდეგ თბილისში, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გენერლის ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები.

  • "ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა, საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მაშინაც კი, როდესაც საქართველოში კომუნიზმის წითელი ტერორი მძვინვარებდა, გენერალ კვინიტაძეს სწამდა და სჯეროდა, რომ მისი სამშობლო თავისუფალი იქნებოდა, რადგან თავისუფლება და თავისუფლებისკენ სწრაფვა ჩვენი ერის სისხლშია გამჯდარი", - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაკრძალვის ცერემონიაზე.
  • 100 წლის თავზე, ქართულ თავისუფალ მიწაზე, ჩვენი ასეთი შეხვედრა ნიშნავს, რომ გამართლდა თქვენი, მამაჩემის და ყველა სხვა ქართველი ემიგრანტის რწმენა: საქართველო უკვდავია და დამოუკიდებლობის აღდგენა გარდაუვალია! ის რწმენა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შენელებულა და დღეს გამართლებულია!..

    თქვენს ირგვლივ დღეს სრულიად საქართველო ერთიანდება, ანუ აღსრულდა ის ოცნება, რომელიც თქვენ საომარი მოქმედებების დროს და მთელი ცხოვრება გამოძრავებდათ, როცა შორიდან საქართველოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიზანს ემსახურებოდით", - თქვა პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა.

"არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა", - ეს გიორგი კვინიტაძის სიტყვებია. მან ღრმა სიბერემდე იცოცხლა და 1970 წელს ემიგრაციაში გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG