Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაპატიმრებულ აშშ-ის მოქალაქეს COVID-19 აღმოაჩნდა, მანამდე მას უარი უთხრეს ვაქცინაციაზე


ტრევორ რიდი
ტრევორ რიდი

ამერიკელ ტრევორ რიდს, რომელსაც რუსეთში ცხრა წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის ბრალდებით, ტესტი გაუკეთეს და მას COVID-19 აღმოაჩნდა. რამდენიმე ხნის წინ რუსეთში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ითხოვეს ნებართვა, რიდისთვის ვაქცინა გაეკეთებინათ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

როგორც რიდის ოჯახი იტყობინება, მიუხედავად აშკარა სიმპტომებისა, ციხის თანამშრომლებმა მას უფლება მისცეს, 24 მაისს სასამართლოში მისულიყო დოკუმენტების გასაცნობად. მოსამართლემ, რომელიც მის აპელაციას იხილავდა, უარი თქვა რაიმე დამატებითი სამედიცინო ტესტის გაკეთებაზე.

რიდის ოჯახი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ინფექციით მისი დაავადება არის რუსეთის ხელისუფლების არაკომპეტენტურობის, უგუნურებისა და „ბოროტი განზრახვის“ შედეგი. „ზედმეტია იმის თქმა, რომ ტრევორს რომ რამე მოუვიდეს, სრულ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთის მთავრობას,“ ნათქვამია პატიმრობაში მყოფი ამერიკელის ოჯახის განცხადებაში.

შარშან ივლისში მოსკოვის სასამართლომ ამერიკელ სტუდენტ ტრევორ რიდს ცხრა წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა ორ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. აშშ-ის მთავრობა და რიდი უარყოფენ ამ ბრალდებებს და ეჭვქვეშ აყენებენ სასამართლო პროცესს.

რიდი ერთ-ერთია აშშ-ის მოქალაქეთაგან, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში წარდგნენ რუსეთის სასამართლოს წინაშე. მისი ოჯახის წევრები, მომხრეები და აშშ-ის მთავრობა აცხადებდნენ მტკიცებულებების ფაბრიკაციის ნიშნების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG