Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭოს 4 ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს - ვინ არიან ისინი?


მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე, რომელიც დღეს, 26 მაისს გაიმართა და რომელსაც 284 მოსამართლე ესწრებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის 4 ვაკანტურ ადგილზე 4 კანდიდატი დაასახელეს და ოთხივე აირჩიეს.

ბადრი შონია, თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე და გოჩა აბუსერიძე უზენაესი საბჭოს წევრები საპროტესტო აქციის და სასამართლო სისტემაში კლანის გაძლიერების შესახებ საუბრების ფონზე გახდნენ. იუსტიციის საბჭოს ახალი წევრები დაკავშირებულები არიან ისეთ გახმაურებულ საქმეებთან, როგორიცაა “ბირჟა მაფიას”, დეკანოზ გიორგი მამალაძის, ნიკა მელიას, თბილავიამშენის და სხვა საქმეები.

კონფერენციას იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების ასარჩევად წინ უძღოდა დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების განცხადებები, შეჩერებულიყო სისტემაში დანიშვნები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „სიღრმისეულ რეფორმასა“ და კანონმდებლობის სრულყოფამდე, რაც “შარლ მიშელის” დოკუმენტით აღებული ვალდებულებაა.

მოსამართლეები, რომლებსაც “კლანის წევრებად” მიიჩნევენ, დღეს მედიასთან კლანის არსებობას გამორიცხავდნენ და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ბულინგზე საუბრობდნენ.


რიგგარეშე კონფერენცია მოსამართლეების მოთხოვნის საფუძველზე დაინიშნა და მის საჭიროებას დღეს მოსამართლეები ხსნიდნენ კონსტიტუციაში ჩანაწერით, რომლიც თანახმადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრი 4 წლის ვადით ირჩევა. საბჭოს 4 მოსამართლე [ირაკლი შენგელიას, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძეს და დიმიტრი გვრიტიშვილს] და 4 არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ივნისის ბოლოს ეწურება, ერთს კი ვადა ამოწურული აქვს. შესაბამისად, 15 წევრისგან დაკომპლექტებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 9 ახალი წევრის არჩევის აუცილებლობის საჭიროება არსებობდა.

ვინ არიან იუსტიციის საბჭოს ახალი მოსამართლე წევრები?

ბადრი შონია, რომელიც 2011 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლის სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე, სხვადასხვა წლებში განიხილავდა "ბირჟა მაფიას", დეკანოზ გიორგი მამალაძის და სხვა გახმაურებულ საქმეებს სადაო გადაწყვეტილებებით.

რეპერების საქმეზე ბადრი შონიამ დაკავებულებს, მიშკა მგალობლიშვილსადა გიორგი ქებურიას 2017 წელს აღკვეთის სახით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება მათ ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ფლობას ედავებოდა, თავად ბრალდებულები კი ამბობდნენ, რომ დაკავებამდე პოლიციელები მათ მიერ გადაღებული კლიპის გამო, სადაც პოლიციელი ძაღლის როლში იყო გამოყვანილი, ემუქრებოდნენ და ნარკოტიკიც სამართალდამცველებმა ჩაუდეს. რეპერების დაკავებას საპროტესტო აქციები და შემდგომ მათი გათავისუფლება მოჰყვა. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის დეკემბერში საერთოდ შეწყდა.

ბადრი შონიამ 2018 წელს 30000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა ბრალდებული თამაზ ქვლივიძე, რომელსაც გამოძიება კლუბ “ბასიანის” დაცვის უფროსისა და დაცვის თანამშრომლის დაჭრას ედავებოდა.ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა და ბრალდებულ ქვლივიძეს პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე ბადრი შონიამ მოგვიანებით განმარტა, რომ ბასიანის ინცინდენტში ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ის ჩადენილს ინანიებდა, ბირჟა მაფიას საქმე კიმძიმე დანაშაულს ეხებოდა.

მოსამართლე ბადრი შონია უძღვებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო სხდომას, რომელიც სხვადასხვა მოტივით დახურა მაშინ, როცა თავად ბრალდებული და მისი დამცველები საქმის მაქსიმალურ საჯაროობას ითხოვდნენ.

2011 წლამდე ბადრი შონია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მუშაობდა პროკურორად. “თავისუფლების მონიტორის” გამოძიებით დადგინდა, რომ ბადრი შონიას მოქალაქეები ადანაშაულებდნენ ქონების იძულებით დათმობაში მაშინ, როცა ის პროკურორად მუშაობდა 2006-2010 წლებში. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ საკითხზე 2013 წელს, გამოძიებაც დაიწყო, დაჰკითხეს ბადრი შონიაც, რომელიც ამ პერიოდში უკვე მოსამართლე იყო, თუმცა გამოძიება საბოლოოდ შეწყდა.

როგორ დაიმორჩილო მოსამართლე
please wait

No media source currently available

0:00 0:18:40 0:00

ემურ გოგოხია 2010 წელს დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ და ამის შემდეგ სხვადასხვა საქალაქო სასამართლოში იმუშავა მოსამართლედ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, გოგოხია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ თემურ გოგოხია ნეპოტიზმის ნიშნით შეირჩა მოსამართლის პოსტზე, რადგან ის საბჭოს მოსამართლე წევრის, რევაზ ნადარაიას ქვისლია. იგივე პრობლემაზე მიუთითა “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომაც”.

მოსამართლე თემურ გოგოხიას ეკუთვნის გადაწყვეტილება 2019 წელს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიასთვის 30 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ. ამავე განაჩენით მან პოლიტიკოსს აუკრძალა:

  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება;
  • მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

უფლებების შეზღუდვის პარალელურად სასამართლომ მელიას დაააკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; მაშინ იურისტთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან. თავად ნიკა მელიამ მოსამართლეს გადაწყვტილების გამოტანამდე უთხრა,რომ მისგან, როგორც “ჩინჩალაძის მეგობრისგან” სამართლიან განაჩენს არ ელოდა და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც მიიღებდა, პოლიტიკური იქნებოდა.

ლევან მიქაბერიძე 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოსუზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. Უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცებამდე პარლამენტში მოსმისას მან თქვა, რომ არ არის ლუსტრაციის კანონის შემოღების მომხრე და არ შეუძლია ილაპარაკოს იმაზე, იყო თუ არა 2012 წლამდე სასამართლო პოლიტიკური გავლენების ქვეშ.

2017 წლის 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, ლევან მიქაბერიძის თავმჯდომარეობით, მიიღო გადაწყვეტილება სს ,,თბილავიამშენის“ წილებისა და სააქციო საზოგადოება ,,თბილავიამშენის“ აქციების სახელმწიფოსთვის ჩუქების საქმეზე. მეწილეები 2010 წელს სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლასა და წილების იძულებით დათმობაზე საუბრობდნენ, თუმცა მათი სარჩელი მიქაბერიძემ არ დააკმაყოფილა. საქართველოს უზენაესმა სასამართლოს დიდმა პალატამ, 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით დაასკვნა, რომ მოსარჩელეს მიმართ იძულება, სულ მცირე, 2012 წლის არჩევნებამდე მაინც გრძელდებოდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად, მოცემულ საქმეშიც იკვეთებოდა პოლიტიკური ნიშნები, რაც სასამართლოს შეფასებულ გადაწყვეტილებაში არ გაუთვალისწინებია.

ლევან მიქაბერიძე უზენაესი სასამართლოს კანდიდატის გასაუბრების მომენტისთვის 37 წლის იყო, თუმცა მიაჩნდა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე 40 წლიდან უნდა ინიშნებოდნენ.

გოჩა აბუსერიძე მოსამართლე 2009 წელს გახდა, 2009-2010 წლებში ის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.

2017 წლის ოქტომბრიდან მოსამართლედ გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2020 წელს აბუსერიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო და გასაუბრებაზე თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების სადავო დანიშვნის გადავადებას მოითხოვდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. ამ ნაჩქარევ პროცესში ისინი „სასამართლო კლანის“ გაძლიერების მცდელობასა და დამოუკიდებელი სასამართლოს მომავლის დამუხრუჭების საფრთხეს ხედავდნენ.

XS
SM
MD
LG