Accessibility links

site logo site logo

ენტონი ბლინკენი ეგვიპტიდან იორდანიაში ჩავიდა მოლაპარაკებების გასამართად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 26 მაისს ეგვიპტიდან ჩავიდა თავისი ახლოაღმოსავლური ტურნეს უკანასკნელ ქვეყანაში - იორდანიაში. ბლინკენის მისიის მიზანია გაამყაროს ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული საზავო შეთანხმება, რომელმაც დაასრულა ისრაელსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის 11-დღიანი შეიარაღებული დაპირისპირება ღაზის სექტორში.

მანამდე ბლინკენი შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისის, რომელიც შეაქო ძალადობისთვის „შედარებით სწრაფად“ ბოლოს მოღებაში გაწეული დახმარებისთვის. ეგვიპტეში ვიზიტის შემდეგ ის იორდანიაში გაემგზავრა მეფე აბდულა II-სთან შესახვედრად.

ეგვიპტემ გადამწყვეტი როლი შეასრულა 21 მაისს საზავო შეთანხმების მიღწევაში. მანამდე ისრაელსა და შეიარაღებულ პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს შორის ყველაზე გააფთრებული ბრძოლები წარმოებდა 2014 წლის შემდეგ.

სისისთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა თქვა, რომ ორივე „სრულიად დარწმუნებულია, რომ პალესტინელებიც და ისრაელელებიც ერთნაირად იმსახურებენ უსაფრთხოებასა და მშვიდობაში ცხოვრებას“ და რომ „ეგვიპტის როლი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მისწრაფებებში“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 25 მაისს შეხვდა ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერებს და საზავო შეთანხმებისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა გამოხატა. პალესტინური ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მდინარე იორდანეს ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის დედაქალაქ რამალაში შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა პირობა დადო, რომ კვლავ აღადგენს აშშ-სა და პალესტინელთა შორის ურთიერთობებს იერუსალიმში საკონსულოს გახსნით. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ მილიონობით დოლარს გამოყოფს ამასწინანდელ შეტაკებებში დანგრეული ღაზის სექტორის აღსადგენად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG