Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრი-პერიფერიის კლასიკური გამმიჯნავი ხაზი ნამოხვანთანაც ცოცხალია


ავტორი: ელიზბარ ხვიჩია

პოლიტიკური პარტიების განვითარება მეცნიერულად ოთხ ძირითად საბაზისო გამმიჯნავ ხაზს ეფუძნება. ალბათ როკანსა და ლიპსეტს [1](1967) შედარებითი ანალიზის ჩასატარებლად თბილისის შემთხვევა რომ ჰქონოდათ უეჭველად თავდაყირა დადგებოდა კლასიფიკაციის ეს კლასიკური სქემა. ემპირიულად და ევროპულ მაგალითებზე დაყრდნობით მსგავსი დაყოფა ოთხი გამმიჯნავი ხაზის გარშემო ტრიალებდა. კერძოდ ეკლესია-სახელმწიფოს, პირველადი და მეორეული ეკონომიკის, მესაკუთრე- მუშებისა და სწორედ ცენტრი-პერიფერიის ორბიტებზე. თეორიულად როგორადაც არ უნდა შეიცვალოს მსოფლიო სოციალურ-ეკონომიკური ფორმაცია, პარტიებისადმი ამგვარი მიდგომა არასდროს დაკარგავს რელევანტურობას.

უდავოა, პოლიტიკური პარტიების ამგვარ კლასიფიკაციას აქვს პირდაპირი სოციალური ეფექტი და საზოგადოების მიკუთვნებულობის მყისიერი შედეგი. ამჟამინდელი თბილისური ქრონიკები კი ძალიან ღრმა და სიმპტომატურია საზოგადოების რეაქციების კვლევისა და დაკვირვების თვალსაზრისით.

დღევანდელი, შეუქცევადი გლობალიზაციისა და ტრანს-ნაციონალური, მასიური კულტურის გავრცელების პირობებში ხსენებული ზღვარი წესით უფრო ფერმკრთალი უნდა გამხდარიყო, თუმცა მან მაინც იპოვა თანამედროვეობაში მანიფესტაციის საშუალება. მეტიც, იგი უფრო აგრესიულ და ჩვევებში გამჯდარ ქცევებში გარდაიქმნა. ცენტრმა მისი ტრადიციული ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თავისებურება სნობიზმში გარდასახა და პერიფერია უფრო უმნიშველო,უუნარო სოციალურ შენაერთად აღიქვა, რომელსაც თითქოს უკვე საკუთარი საჭიროებების გამოხატვაც კი არ შეუძლია. პოლიტიკური აქტორები ფორმალურად და ცხადად ცენტრში მოქმედ სუბიექტებად გარდაიქმნენ, არა იმ გაგებით რომ ცენტრებში მცხოვრები ადამიანების საჭიროებები მუდმივად კმაყოფილდებოდა ან მათი ხმა უფრო მკაფიოდ ჟღერდებოდა პოლიტიკური ინსტურუმენტების საშუალებებით, არამედ პარტიების უბრალო ფორმალური იდენტიფიცირებით ცენტრთან- ქართულ შემთხვევაში, მაშასადამე დედაქალაქთან.

ცენტრში გამოვლენილი სოციალური ეფექტი ნამოხვანის საკითხთან?

იოლი არ არის დავიჯეროთ, რომ „ქალაქის“ საზოგადოებას მცირე ემპათია არ გაუჩნდა რიონის მცველებთან მიმართებაში, თუმცა ემპათიამდე მათ გაოცება და სრული გაკვირვება დაეუფლათ. ნუთუ შეუძლია ამ ხალხს გადაწყვეტილებების მიმღებებს ხმა მიაწვდინონ? ნუთუ მათ შეუძლიათ ნორმალურად,მაშასადამე აკადემიურად და მწყობრად, განმარტონ საერთოდ რაშია საქმე? ნუთუ მათი მოთხოვნები რეალურია? ხსენებული კითხვები სწორედ ცენტრი-პერიფერიის სრულ გაუცხოებას უსვამს ხაზს, რომელიც ყოველდღიურ რუტინაში თითქოს იშვიათად ვლინდება, მაგრამ მეორე მხრივ ხშირად იგრძნობა ხოლმე პროტესტში მხარდაჭერის/ჩართულობის ხარისხებში თუ საკითხების საერთო-კოლექტიურ აღქმაში.

რიონის ხეობის მცველების გეგმაზომიერი მოთხოვნები და მოქმედებები ე.წ. „ცენტრში“ დამკვიდრებული და რეალიზებული ადამიანებისათვის ძნელად აღსაქმელი აღმოჩნდა. მეორე მხრივ კი „უცხოს“ სინდრომით მოეკიდა ტერიტორიულად დასავლეთში აღმოცენებულ ლოკალურ პრობლემას. მაშასადამე, პერიფერიული და მით უფრო, შორს მდებარე, კუთხური მახასიათებლებით მდიდარი პროტესტი ორგანულად ვერ მიიღო. შესაძლოა, იმთავითვე ცხოვრების განსხვავებული სტილი და რიტმი არ ყოფილიყო ამ ინტერესთა შეუთავსებლობის მიზეზი, არც მათ შორის ქალაქების დამახასიათებელი დაუოკებელი სნობიზმი,თუმცა გამმიჯნავი ხაზი აშკარად იკვეთებოდა.

გამმიჯნავი ხაზები ფესვებს სოციალური სტრუქტურიდან იღებს, მაშასადამე ფუნდამენტური დაპირისპირებები არ არის სრულად საოცარი ან არაპროგნოზირებადი პროცესი, თუმცა ამასთანავე ცენტრის მხრიდან ამგვარად სუსტი აღქმა პერიფერიის მაჯისცემისა მაინც საყურადღებოა. რიონის ხეობის მცველების მონდომება გამოწვევის ცენტარალურ საკითხად გადაქცევისა უფრო მნიშვნელვანი პოლიტიკური და სოციალური პროცესია ვიდრე ეს სიბრტყეზე მოსჩანს.

პოლიტიკური პარტიები და მათი იდენტიფიკაცია გამმიჯნავ ხაზებთან

აუცილებლად ნიშანდობლივია ქართული პოლიტიკური აქტორების მიკუთვნებულობა ხსენებულ გამმიჯნავ ხაზთან და კონკრეტულად ჰესის საკითხთან. ერთი შეხედვით ეროვნულმა (არა საკუთრივ რეგიონალურმა) პარტიებმა, რომლებსაც ჰყავთ სამიზნე ჯგუფები როგორც ცენტრში ისევე პერიფერიებში, ცალსახად არჩიეს ანტაგონისტური, ხოლო უკეთეს შემთხვევაში ჩუმი პოზიციონირება ნამოხვანი ჰესის საკითხთან მიმართებაში. პარტიების ხალხისგან მოწყვეტილობა ლამის ქართულ დეკადურ ტრენდად ჩამოყალიბდა, ამას მოწმობს ბოლო სოციოლოგიური კვლევების სრული უმრავლესობაც (NDI 2021, IRI 2020, CRRC 2021), მაშასადამე პოლიტიკური ელიტა მართლაც ბუკვალურად ელიტურად მიუდგა საკითხს: 1. ქვემოდან წამოსული პროტესტის მედეგობა ეჭვქვეშ დააყენა 2. ვერ დაიჯერა ის, რომ პროტესტის მუხტი ცენტრამდეც მოაღწევდა 3. ეჭვქვეშ დაყენა პროტესტის გამოკვეთილი ორგანიზატორების შესაძლებლობა და კომპეტენცია ლიდერული უნარ-ჩვევებისა და სწორი სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით 4. უბრალოდ პოლიტიკური დღის წესრიგის სინათლის ღირსად არ ჩათვალა ხსენებული საკითხი.

მედია და ზოგადად მასიური მედია საშუალებების ოპერირებამაც თავისი როლი ითამაშა კონკრეტულად ნამოხვანი ჰესთან დაკავშირებული საკითხების ფრაგმენტულ პედალირებში. ანუ საკითხი აქტიურდებოდა და შუქდებოდა იმ დოზით და იმ ინტენსივობით, რომელსაც კონკრეტული მედია საშუალებას საინფორმაციო ბადე მოითხოვდა. მაშასადამე სხვადასხვა ნარატივების ჭიდილში ცენტრი-პერიფერიის კლასიკური და ხისტი გამიჯნვა უფრო ხილვადი გახდა.

ობიექტურად, შესაძლოა უპრეცედენტო ურბანიზაციამ და და სრულმა მოდერნიზაციამ შეცვალა პოლიტიკური პარტიების ტრადიციული სოციალური საფუძველი, თუმცა ამგვარი გაუცხოება საზოგადოების უდიდეს ნაწილთან და სოციალური ბაზისისგან დაცლა საგანგაშო მახასიათებელია.

რიონის ხეობის მცველების პროტესტი კი ალბათ არის ერთ-ერთი სასიგნალო,გამაფრთხილებელი ხდომილება როგორც პოლიტიკური პარტიებისათვის ისე კლასიკურ კლასიფიკაციაში კომფორტულად მოქმედი „ცენტრის საზოგადოებისათვის“ რათა სწორი შეფასება მიეცეს ჩვენს გარშემო მიმდინარე ყველა პროცესს.

-----------------------------------

[1] ავტორი ნაშრომისა „პოლიტიკური ადამიანი“ გამმიჯნავი ხაზები, 1967

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG