Accessibility links

site logo site logo

საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ამნისტიის საერთო ვარიანტზე ვერ შეთანხმდნენ


საქართველოს პარლამენტში უშედეგოდ დასრულდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების გამო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ამნისტიაზე შეთანხმება.

ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაცია ამ კვირის დასაწყისში დაიგეგმა პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ინიციატივით. ამნისტიას ითვალისწინებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით მიღწეული შეთანხმება. შესაბამისი კანონპროექტები მოამზადეს როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე ოპოზიციამ.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ვერ შეთანხმდნენ და უმრავლესობა პირველი მოსმენით კენჭისყრისთვის გაიტანს კანონპროექტის საკუთარ ვარიანტს:

„ჩვენი პროექტით, ამნისტია ორ მუხლზე უნდა გავრცელდეს. „ქართული ოცნების“ ვერსიით, ამნისტია იმ მუხლებზეც უნდა გავრცელდეს, რომლითაც დღეს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება საქმე შემდგომში აღიძრას. გარდა ამისა, ჩვენი პროექტის შემთხვევაში, საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის. ჩვენი პროექტით, საჭირო არ არის ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ასეთი თანხმობა საჭიროა".

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, მათი კანონპროექტი „მიშელის დოკუმენტთან“ შესაბამისობაშია. ამას უარყოფენ „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე „ლელო“ აყენებდა ისეთ კატეგორიულ საკითხებს და მოთხოვნებს, რაც პირდაპირ არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ, ამნისტიის კანონპროექტის არსს.

„რომც გვინდოდეს გაზიარება, არღვევს და დაარღვევს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და მოთხოვნას“, - უთხრა მედიას ოხანაშვილმა. მისი შეფასებით, "ლელოს" აღარ უნდა იკისროს პოლიტიკური ტვირთი და სურს ისრები გადაიტანოს დაზარალებულებზე, მაშინ, როცა დოკუმენტს ხელი პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს და დაზარალებულებისთვის პოზიცია წინასწარ არ უკითხავთ.

ანრი ოხანაშვილის თანახმად, ოპოზიციური ჯგუფებს საერთო პოზიცია თავადაც არ აქვთ ჩამოყალიბებული და ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომლის გამოც დღევანდელ შეხვედრაზე პოზიციები ვერ შეაჯერეს. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ლელოსგან" განსხვავებით, "სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს აქვთ უფრო მეტად თანამშრომლობის მოლოდინი გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, ამიტომ იყო პარლამეტის თავმჯდომარის მხრიდან კონკრეტული შემოთავაზება" და უმრავლესობა მზად არის მეორე მოსმენის ფარგლებში ამ საკითხებზე იმსჯელონ და პოზიციები დაახლოვდეს. როგორც ოხანაშვილმა თქვა, სამწუხაროდ, მეტ დეტალს ვერ იტყვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG