Accessibility links

site logo site logo

ორი ერთში - ამნისტიის ორი პროექტის შერწყმის მცდელობა


საქართველოს პარლამენტს ამნისტიის ორი, განსხვავებული კანონპროექტისთვის 25 მაისს პირველი მოსმენით უნდა ეყარა კენჭი. თუმცა პროცესი შეჩერდა.   

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებული ამნისტიის პროექტების განხილვა გაურკვეველი დროით გადაიდო. როგორც ჩანს, ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში უხერხულობას უქმნის „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული ამნისტიის არა - ერთი, არამედ ორი კანონპროექტის არსებობა. ახლახან ბრიუსელიდან დაბრუნებულმა საპარლამენტო დელეგაციამ ჩამოიტანა ამბავი, რომ ევროკავშირი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებული კანონპროექტების მოლოდინშია და თუკი ეს ვერ მოხერხდება, დაირღვევა 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება.

„ქართული ოცნების“ პროექტს - 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ფართო ამნისტიას - ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს პარლამენტს გარეთაც.

პარლამენტში მომხრე დეპუტატების რიცხვით თუ ვიმსჯელებთ, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ბოლომდე გაიტანოს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტის საკუთარი ვარიანტი და უპრობლემოდ დაამტკიცოს კიდეც. მაგრამ, დღეს ეს პროცესი შეჩერდა. რატომ?

პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატს, ლევან იოსელიანს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას ერთი კვირის წინ ბრიუსელში ახლდა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი ამნისტიის საერთო, შეთანხმებული ვარიანტის დამტკიცების მოლოდინშია. 25 მაისს, პარლამენტის სხდომაზე იოსელიანმა თქვა, რომ საერთო ვარიანტზე შეუთანხმებლობა „შარლ მიშელის შეთანხმების“ დარღვევად აღიქმება.

„მთავარი გზავნილი, რაც მოვისმინეთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, არის ის, რომ ყურადღებით დააკვირდებიან - როგორ განხორციელდება ის შეთანხმება, რომელსაც მოეწერა ხელი...

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამნისტიის ეს ორი კანონი უნდა შევძლოთ და ვაქციოთ ერთ დოკუმენტად და ამ ერთ დოკუმენტზე უნდა შევთანხმდეთ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი...

თუ ჩვენ არ წავალთ ამ გზით, მაშინ უკვე დარღვევით დავიწყებთ (19 აპრილის) შეთანხმების შესრულებას და ამ დარღვევას მოჰყვება მერე სხვა პუნქტების დარღვევაც. ყველაფერი ეს, 6-თვიანი წვალება, მედიაცია, ამხელა ჩართულობა ჩაიყრება წყალში“.

აღმოჩნდა, რომ ამნისტიის ერთ, საერთო კანონპროექტზე შეთანხმებას მნიშვნელოვნად თვლიან „ქართულ ოცნებაშიც“ და 25 მაისს დილიდან ეს პოზიცია მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს. ისინი ლაპარაკობდნენ ორ სავარაუდო გამოსავალზე:

  • გადადებულიყო კანონპროექტების განხილვა, პოზიციების საბოლოო, საერთო ვარიანტის შეჯერებამდე - თუმცა დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ შეახსენა კოლეგებს, რომ თუკი პირველი მოსმენით ამნისტიის საკითხი პარლამენტის სხდომაზე ამ კვირაში არ გავა, შესაძლოა ვეღარ მოხერხდეს მისი დამტკიცება საგაზაფხულო სესიის ფარგლებში - „არ გვაქვს დიდი დრო, რომ თუნდაც 2 კვირით გადაიდოს“.
  • ოპოზიციას გაეწვია ამნისტიის პროექტის თავისი ვარიანტი, „ქართული ოცნების“ ვერსიის სამომავლო დახვეწის პერსპექტივით - ეს მოსაზრება დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გაახმოვანა - „ძირითადი საკითხები არის მეორე მოსმენის საკითხები (შინაარსობრივი განხილვა) ... ოპოზიციამ თქვას უარი თავის ვარიანტზე და ვიმუშაოთ ამ ვარიანტზე იმ ცვლილებებით, რაც მართლაც გონივრული და მისაღები იქნება“.

ჩანს, რომ ოპოზიცია არ აპირებს საკუთარი ვარიანტის დათმობას, რადგან მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ფართო ამნისტია საშუალებას აძლევს პოტენციურ დამნაშავეებს - 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სრულად აიცილონ პასუხისმგებლობა და ეს, პირველ რიგში, უსამართლო იქნებოდა დაზარალებული მომიტინგეების წინაშე.

„ჩვენი დოკუმენტი სწორად პასუხობს "შარლ მიშელის შეთანხმებით" აღებულ ვალდებულებას. აქ ჩვენ უნდა მოვერიდოთ საზოგადოებაში შექმნილ აზრს, რომ ამ ჰუმანურმა ნაბიჯმა (ამნისტიის მიღებამ) მათ შორის - სამომავლოდ გამოსავლენ დამნაშავეებს შესაძლოა შეუქმნას სივრცე, რომ მათ თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა... ეს ასეა სწორედ აღქმული საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ. ჩვენ ეს მოსაზრება უნდა გავაქარწყლოთ და ეს უნდა იყოს ყველას ამოცანა“, - განაცხადა 25 მაისს „ლელოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ.

ამნისტიის საკითხის განხილვის გადადება 24 მაისს ოპოზიციამ მოითხოვა.

იმისათვის, რომ როგორმე საბოლოოდ ერთ საერთო ვარიანტზე შეთანხმებულიყვნენ, სხდომაზე გამოცხადებული შესვენებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საკუთარ კაბინეტში მიიწვია ამნისტიაზე მომუშავე დეპუტატები - როგორც სახელისუფლებო პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან. შეხვედრა წინასწარ დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და სხდომათა დარბაზში დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის გამოცხადდა, რომ ამნისტიის განხილვა გადაიდო.

„დღეს ჩვენ აღარ ჩავატარებთ ამ საკითხების (ამნისტიის 2 კანონპროექტის) განხილვას. გადავდებთ, ხუთშაბათს (27 მაისს) გვექნება შეხვედრა და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როდის იქნება გამოტანილი და როგორი ვერსია. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ კონსენსუსის პოვნას. მინიმუმ უკვე ვიცით, რომ ხუთშაბათამდე ეს საკითხი არ განიხილება და შემდეგ უკვე ვნახავთ, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

ანა ნაცვლიშვილი ამნისტიის კანონპროექტის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:07:32 0:00

საბოლოოდ მოხერხდება თუ არა, და როგორ მოხერხდება, პრინციპულად განსხვავებული ორი დოკუმენტის შერწყმა, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. „ქართული ოცნების“ ვარიანტი, მცირე გამონაკლისების გარდა, 20 ივნისის ჭრილში აბსოლუტურად ყველა პოტენციურ დამნაშავეს შეეხება.

ოპოზიციის ვარიანტში კი, ის კონკრეტული რაოდენობის მუხლებია ჩამოთვლილი, რომლებზეც ამნისტია უნდა გავრცელდეს.

„ქართული ოცნების“ პროექტის თანახმად:

  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
  • ამნისტია ვრცელდება ყველა პირზე, რომელმაც 2019 წლის 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა.
  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც.
  • 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.
  • ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144 პრიმა და 144 ტერცია მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე; აქედან ორი მუხლი ევროპულ კონვენციასთან შესაბამის დანაშაულებს მოიცავს და შეეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვასა და არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას; ხოლო 117-ე მუხლი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას შეეხება.

„ქართული ოცნების“ პროექტით, ამნისტია შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებასაც (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი), რაც ერთ-ერთ მთავარ სადავო საგნად რჩება.

სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს პროცესი 3 პოლიციელის მიმართ და, იურისტების განმარტებით, თავდაპირველად სწორედ ამ მუხლით იყო მოსალოდნელი სამართლებრივი დევნის დაწყება პოტენციურად დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც.

ამნისტიით არ ისარგებლებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის დროს მიიღო. ენმ-ში რადიო თავისუფლებას კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ მელიასთვის და მთელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კატეგორიულად მიუღებლად რჩება ფართო ამნისტია და ყველასათვის ყველაფრის პატიება.

  • პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გრძელდება. მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება ბრალად, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილების შესაბამისად.
  • თუკი მელია ამნისტიაზე უარს იტყვის, სასამართლო პროცესი კვლავაც გაგრძელდება, საბოლოო განაჩენამდე.
  • „ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, თუკი საბოლოო განაჩენი საპატიმრო იქნება, ციხეში წასვლის ნაცვლად, მსჯავრდებულ პირს შეუძლია უკან წაიღოს ამნისტიაზე უარის თქმის გადაწყვეტილება და ისევ ამნისტიით ისარგებლოს.

პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების გარდა, ფართო ამნისტიას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან 20 ივნისის ღამეს, აქციის დაშლის დროს დაშავებული პირები.

გიორგი სულაშვილი, რომელმაც იმ ღამით თვალი დაკარგა, სახის ძვლებიც ჩაუმსხვრიეს და 8 ოპერაცია დასჭირდა, ამბობს, რომ არ აინტერესებს არანაირი პოლიტიკური შეთანხმება და მოითხოვს ყველა დამნაშავის დასჯას - იქნება უშუალო შემსრულებელი თუ ბრძანების გამცემი პირი.

2019 წლის ივნისის ღამეს დაშავებული ადამიანები აცხადებენ, რომ მომიტინგეები სახელმწიფოს წინასწარ არ გაუფრთხილებია და ბევრი მათგანი რეზინის ტყვიების წვიმაში სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა. ეს ბრალდებები მეორე დღიდან ისმოდა, თუმცა ხელისუფლება მუდმივად საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობდა.

დაზარალებულებისთვის არასაკმარისია ხელისუფლების განცხადებები, რომ სპეცსაშუალებების გამოყენების წინ, ხალხი საწყის ეტაპზე სატელევიზიო ეთერის საშუალებითა და წერილობითი მიმართვებით გააფრთხილეს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ისინი ამ დროს არც ტელევიზორთან ისხდნენ და არც კითხვით იყვნენ დაკავებული.

საერთაშორისო პარტნიორები ამნისტიის კანონის მიღებას პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების შემცირების მექანიზმად და იმ პოლიტიკური შეთანხმების აუცილებელ ნაწილად განიხილავენ, რამაც ინკლუზიური რეფორმების გზით საქართველოს განვითარება უნდა მოუტანოს. ხოლო შეთანხმებაში ასახული თითოეული ვალდებულების ხორცშესხმა ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც ქართული მხარის საზრუნავად წარმოუდგენიათ.

„პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული ამ ვალდებულებების ზუსტი მოდალობების განსაზღვრა, მათ შორის - ამნისტიის კანონისა, რომელიც შეთანხმების მიზნებს ითვალისწინებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას და სხვა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრი საქართველოცაა”, - წერია ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ერთობლივ საპასუხო წერილში, რომელიც მათ 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ პირებს 21 მაისს გაუგზავნეს.

შესაბამისად, ადრესატებისთვის ცხადია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულაც არ მიიჩნევს სავალდებულოდ „ქართული ოცნების“ მიერ ჩაფიქრებული ფართო ამნისტიის დამტკიცებას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან 20 ივნისს დაზარალებული პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG