Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მინსკისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ბელარუსისთვის შესაძლო ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ 23 მაისს კომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსამდე ასრულებდა რეისს, აიძულა კურსი შეეცვალა და მინსკის აეროპორტში დამჯდარიყო. მინსკში დაჯდომის შემდეგ სამართალდამცავებმა დააკავეს ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი.

„თვითმფრინავის გატაცება და მისი ორი მგზავრის დაკავება სრულიად მიუღებელია და ჩვენ დავიწყებთ სანქციების განხორციელებისა და ეკონომიკური სანქციების საკითხების განხილვას,“ განაცხადა 27 მაისს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც ლისაბონში იმართება.

ბორელმა დასძინა, რომ ბელარუსის მოქალაქეების მიმართ სანქციების ახალ რაუნდზე მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ დეტალებზე მას არ უსაუბრია. სანქციების ამ პაკეტზე ევროკავშირის ლიდერები ორშაბათს შეთანხმდნენ.

რამდენიმე მინისტრის თქმით, ევროკავშირის სანქციები უნდა შეეხოს ისეთ სექტორებს, რომლებიც განსაკუთრებით მომგებიანია ბელარუსის ხელმძღვანელობისთვის, მაგალითად, ნავთობისა და კალიუმის მარილის სექტორებს.

„ცხადია, ჩვენ არ დავკმაყოფილდებით მცირე სანქციებით, ჩვენი მიზანია, სანქციები მნიშვნელოვნად შეეხოს ბელარუსის ეკონომიკურ სტრუქტურას და ფინანსურ ტრანსაქციებს,“ უთხრა ლისაბონში ჟურნალისტებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა.

ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მის მოკავშირეებს უკვე აქვთ დაწესებული დასავლეთის მხრიდან სანქციების წყება, რაც პასუხი იყო 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების სასტიკად ჩახშობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG