Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედოფლისწყაროელები წყალმომარაგების გრაფიკის გაზრდას აპროტესტებენ


დედოფლისწყაროს მცხოვრებთა ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისთან. პროტესტის მიზეზი წყლით მომარაგების კიდევ უფრო გაუარესებაა.

აქციის მონაწილეთა თანახმად, ქალაქის წყლით მომარაგება ყოველთვის პრობლემური იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ჰაერის ტემპერატურამ მოიმატა, სასმელი წყალი სამ დღეში ერთხელ, 5 საათით მიეწოდებათ.

„აქამდე წყალი ყოველ მეორე დღეს გვქონდა, ახლა კი სამდღიან გრაფიკზე ისე გადაგვიყვანეს, არც კი გაგვაფრთხილეს. როგორ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში წყლის პრობლემა ვერ მოგვარდეს?! ზაფხული მოდის, უფრო მეტი წყალია საჭირო და როგორ უნდა ვიარსებოთ?! ჩვენი მოთხოვნაა, კომპანიამ წყალმომარაგების პრობლემა დროულად მოაგვაროს", - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილე თამილა გურაშვილმა.

მისი ინფორმაციით, დედოფლისწყაროს ზოგიერთ ქუჩას ეს პრობლემა არ აწუხებს, რადგან წყალი მუდმივად აქვთ: „როგორ შეიძლება უბნების დაყოფა და მოსახლეობის არათანაბარ პირობებში ჩაყენება?!“

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დედოფლისწყაროს წყლით მომარაგების გაუარესების მიზეზად დაასახელეს დებიტის სეზონური სიმცირე და განაცხადეს, რომ შექმნილი პრობლემის გამო მოსახლეობას წყალს პერიოდულად აწვდიან წყალმზიდებით.

კომპანიის თანახმად, პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად ტენდერი გამოაცხადეს, უკვე ჰყავთ კონტრაქტორი და პროექტირება დასრულების ეტაპზეა. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ივლისში დაიწყება 38 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა და მისი მეშვეობით მოხდება დალის მთის წყალსაცავიდან დედოფლისწყარომდე წყლის მიწოდება. გარდა ამისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა. ამ პროექტების საერთო ღირებულება 58 მილიონი ლარია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის სოფლებს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.

ზაფხულობით, გვალვის გამო, წყლის დებეტი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში იკლებს და დასახლებების დიდ ნაწილში გრაფიკი წესდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG