Accessibility links

site logo site logo

ზუგდიდში მცხოვრები დევნილები ახალი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას მოითხოვენ


ზუგდიდში, ყოფილი „ფაიფურის ქარხნის დასახლებაში“ მცხოვრებმა, აფხაზეთიდან დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს ახალი ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, შენობაში, სადაც 28 წელია მძიმე პირობებში ცხოვრობენ, გახსნილია ქვანახშირის და თხილის ნაჭუჭის გადამამუშავებელი საამქროებიც, კვამლი და მტვერი მათ ყოფას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა გარკვეული დროით ჩაკეტეს შენობის შესასვლელი და საამქროების თანამშრომლებს არ უშვებდნენ.

დევნილები ამბობენ, რომ ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილების თხოვნით არაერთხელ მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თუმცა, უშედეგოდ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ არჩევნების წინ იძლევიან დაპირებას, რომელიც არ სრულდება.

დევნილებს შეხვდა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გელა ნაჭყებია და დაჰპირდა, რომ მათ საცხოვრებელ პირობებს შესაბამისი კომისია შეისწავლის და მომზადდება ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მოხდება შემდგომი გადაწყვეტილების მიღება. ამ პასუხით უკმაყოფილო დევნილები უფრო ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები გადაეცემა იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც განსახლება ყველაზე მეტად სჭირდებათ. სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში წელს ბინას მიიღებს 600 დევნილი ოჯახი. ამჟამად მიმდინარეობს 1942 იძულებით გადაადგილებული ოჯახის მონიტორინგი. სპეციალური ჯგუფები ამ ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბინების განაწილების გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს. ყოფილი „ფაიფურის ქარხნის დასახლებაში“ მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ საპროტესტო გამოსვლებს მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG