Accessibility links

site logo site logo

სახალხო დამცველმა სამინისტროს ტრანსგენდერი ქალების განათლებაზე შეუფერხებელ წვდომაზე რეკომენდაციით მიმართა


სახალხო დამცველმა განათლების სამინისტროს წინადადებით მიმართა, ტრანსგენდერ ქალებს, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში გენდერული იდენტობის შესაბამისი სქესი არ აქვთ მითითებული, არ მოსთხოვონ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების დროს სამხედრო აღრიცხვის ბილეთი. აპარატმა ამ წინადადებით სამინისტროს მას შემდეგ მიმართა, რაც "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" (WISG) მათ ამის შესახებ აცნობა.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა, ქეთი შუბაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უშუალოდ ამ ტრანსგენდერ ქალს სწავლის გაგრძელებაში პრობლემა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ აღარ შეუქმნა, თუმცა საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ზოგადი წესის შეცვლის რეკომენდაციით სამინისტროს მაინც მიმართეს. საქართველოს კანონმდებლობით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარების შემთხვევაში პირი, რომელსაც პირადობის მოწმობაში უწერია "მამრობითი", ვალდებულია, წარადგინოს სამხედრო აღრიცხვის ბარათი.

"ჩვენთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, თუმცა ვიცით, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. ამ საკითხის შესწავლისას ყურადღება არა ამ კონრეტულ შემთხვევაზე, არამედ ზოგად კონტექსტზე გავამახვილეთ. ვიცით, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის არ არის მარტივი და თითქმის შეუძლებელია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის გადაკეთება. ამის გამო ექმნებათ პრობლემა, რაც გარდა იურიდიული საკითხებისა, მათთვის დამატებით ღირსების შემლახავია", - განაცხადა შუბაშვილმა.

მისი თქმით, მაშინ, როცა ტრანსგენდერ პირებს სოციალური თუ ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე არაერთი პრობლემა ექმნებათ განათლების მიღების პროცესში, მნიშვნელოვანია, ნაკლები დაბრკოლება შეექმნათ.

განათლების სამინისტროს პოზიცია ამ საკითხზე ჯერ უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG