Accessibility links

site logo site logo

რიონის ხეობაში „ენკას“ ავტომანქანები პოლიციის დახმარებით შევიდნენ


პოლიციის სპეციალური დანიშნულების ძალებმა სოფელ გუმათთან, „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის - „ენკა რინიუებლზის“ საწყობთან გზა ძალის გამოყენებით გახსნეს და კომპანიის რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი გაატარეს.

როგორც ადგილზე მყოფი აქტივისტი, ლაშა მესხი გვატყობინებს, 29 მაისს, დილის 8 საათისთვის, სასაწყობე მეურნეობის ეზოდან მოულოდნელად გამოვიდა რამდენიმე ათეული სამართალდამცველი და გზის მეორე მხარეს მყოფი 20-მდე აქტივისტი ძალის გამოყენებით შეაკავა, რა დროსაც გაიარეს კომპანიის კუთვნილმა ავტომანქანებმა მდინარე რიონის ხეობაში, გუმათის დასახლების გავლით.

ლაშა მესხის განმარტებით, სამართალდამცველებს აქტივისტებისთვის გზის გახსნისკენ არ მოუწოდებიათ და არც განმარტება გაუკეთებიათ.

„აქ 20-მდე აქტივისტი ვიყავით. მოულოდნელად გამოცვივდნენ „ენკას“ ეზოდან... (აქტივისტებიდან) ზოგს ეძინა, ზოგი აქვე კარავში იყო. გზის მეორე მხარეს გადმოვიდნენ (პოლიციელები) და კარავთან მიიმწყვდიეს აქტივისტები“, - ამბობს მესხი.

„ენკას“ ავტომანქანების გავლის შემდეგ, სამართალდამცველები კომპანიის სასაწყობე მეურნეობის ეზოში დაბრუნდნენ.

ლაშა მესხმა შემთხვევის ადგილიდან ფეისბუკლაივიც ჩართო, სადაც ეს ფაქტია ასახული.

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებს, მათ მხარდამჭერებს და აქტივისტებს მეოთხე დღეა რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა სამ სხვადასხვა ადგილზე აქვთ გადაკეტილი და ცდილობენ, არ გაატარონ კომპანია „ენკას“ ტექნიკა და ავტომანქანები. გზაზე გადაადგილება თავისუფალია საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მოქალაქეებისთვის.

„რიონის ხეობის მცველებს“ კარავი აქვთ გაშლილი და გზა აქვთ გადაკეტილი „გუმათჰესის“ დასახლების ახლოს, „ენკას“ სასაწყობე მეურნეობასთან. ბოლო დღეების განმავლობაში საწყობის ეზოში რამდენიმე ათეული სამართალდამცველია მობილიზებული.

აქტივისტებს კარვები აქვთ გაშლილი „გუმათჰესთან“, სოფელ გუმათშიც. თბილისიდან ხეობაში დაბრუნების შემდეგ, აქციის მონაწილეები ყოველ ღამით იკრიბებიან და გზის გადასაკეტად აღმართულ ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. 26 მაისს კი ისინი კვლავ რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. მათი მოთხოვნაა „ნამახვანჰესის“ პროექტის სრულად შეჩერება და მორატორიუმის გამოცხადება. ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილი აქვთ როგორც ქუთაისის, ასევე რაჭის მიმართულებებიდან და არ დაუშვებენ ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკას“ სპეცტექნიკისა და ავტომანქანების გატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG