Accessibility links

site logo site logo

აშშ და ევროკავშირი: ენმ-ის პარლამენტში შესვლა კარგია, შეთანხმებისთვის ხელის არმოწერა - სამწუხარო


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ის საელჩომ 30 მაისს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „პოზიტიურ ნაბიჯადაა“ მოხსენიებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის შესახებ. „თუმცა, ძალიან ვწუხვართ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად, თანაბრადაა პასუხისმგებელი, რომ „კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, ბევრ სხვა პრიორიტეტს შორის“.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და აშშ-ის საელჩო საპარლამენტო პარტიის ლიდერებს და პარლამენტის ცალკეულ წევრებს შეახსენებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება ხელმოსაწერად ღია რჩება.

30 მაისს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, რომ პარტია შეწყვეტდა ბოიკოტს და პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებდა. გადაწყვეტილება მედიას პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო. თუმცა, მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პარტია ევროპული მედიაციით შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა, რადგან შეთანხმებაში არის „ერთი პუნქტი, რომელიც კატეგორიულადაა მიუღებელი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG