Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ აშშ-ის უშიშროების უწყება აკვირდებოდა მერკელს, ევროპის სხვა ოფიციალურ პირებს


აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო (NSA) 2012-2014 წლებში ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა ევროპის წამყვანი პოლიტიკოსების, მათ შორის გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიმართ, დანიის სადაზვერვო სტრუქტურების დახმარებით, - იუწყება დანიის და ევროპის სხვა ქვეყნების მედია.

ეს ინფორმაცია მოპოვებულ იქნა შიდა გამოძიებით, რომელიც დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახურში 2015 წლიდან ჩატარდა და პარტნიორობაში NSA-ის როლს აანალიზებდა, - იუწყება დანიის სახელმწიფო მაუწყებელი, DR, 30 მაისს, გამოძიებასთან დაახლოებულ ცხრა, ანონიმურად დატოვებულ პირზე დაყრდნობით.

DR-ის ინფორმაციით, ამ მოქმედების განსახორციელებლად NSA-მა ისარგებლა დანიის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობით. გამოძიების თანახმად, NSA-მა დანიის საინფორმაციო არხები გამოიყენა საიმისოდ, რომ წამყვან ოფიციალურ პირებს დაკვირვებოდა შვეციაში, ნორვეგიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში - მერკელის და გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ჩათვლით.

დანიაში, რომელიც აშშ-ის ახლო მოკავშირეა, წყალქვეშ განთავსებულია საინტერნეტო არხების რამდენიმე მნიშვნელოვანი სადგური, რომლებიც შვეციასთან, ნორვეგიასთან, გერმანიასთან, ჰოლანდიასა და ბრიტანეთთანაა დაკავშირებული.

დანიის თავდაცვის მინისტრს, ტრინე ბრამსენს - რომელიც ამ პოსტზე მუშაობას 2019 წლის ივნისში შეუდგა - 2020 წლის აგვისტოში მიაწოდეს ინფორმაცია ჯაშუშური მოქმედების შესახებ, ამბობს DR. ბრამსენი მაუწყებელს ეუბნება, რომ "ახლო მოკავშირეებზე სისტემატური თვალთვალი მიუღებელია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG