Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამორიცხული არაფერია“ - კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია დაუჯერებელი აღარ ჩანს


უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორია
უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორია

როგორ დაიწყო კორონავირუსის პანდემია? ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სამეცნიერო კონსენსუსი ასეთი იყო - ვირუსი ღამურებში გავრცელდა, შემდეგ სხვა, ჯერაც დაუდგენელ ცხოველზე გადავიდა, რომლისგანაც საბოლოოდ ადამიანები დაავადდნენ. მეორე ვარაუდს - რომ ვირუსი შეიძლება უჰანის ლაბორატორიიდან მოდიოდეს - კონსპირაციის თეორიის კატეგორიას მიაკუთვნებდნენ.

დღეს, როგორც ჩანს, კონსენსუსი შეიცვალა. ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ „ლაბორატორიის თეორიის“ ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება. ამ ვარაუდს პოლიტიკოსებიც იმეორებენ - აშშ-ის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ დასადგენია, საიდან გავრცელდა ვირუსი - ცხოველთან კონტაქტის შედეგად თუ ლაბორატორიის შეცდომის გამო.

რა არის „ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორია“?

ახალი კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ვირუსმა ჩინეთის ქალაქ უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა - სპეციალურად ან შემთხვევით. ეჭვის საფუძველს პირველ რიგში იძლეოდა ფაქტი, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი არაერთი წელია, რაც კორონავირუსებს შეისწავლის ღამურებში და ეპიდემიაც, სავარაუდოდ, სწორედ ინსტიტუტის სიახლოვეს დაიწყო. ამ ჰიპოთეზის მომხრეთა უმრავლესობა არ ამბობს, რომ ვირუსი ხელოვნურად, ლაბორატორიაში შეიქმნა. მათი ვარაუდით, ინსტიტუტში ბუნებაში მოპოვებულ კორონავირუსს შეისწავლიდნენ.

ჩინელი ვირუსოლოგი უჰანის ლაბორატორიაში. ფოტო გადაღებულია 2017 წლის თებერვალში.
ჩინელი ვირუსოლოგი უჰანის ლაბორატორიაში. ფოტო გადაღებულია 2017 წლის თებერვალში.

რა კონსენსუსი იყო აქამდე?

თავდაპირველად მეცნიერების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ყველაზე სავარაუდო ვერსია ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა იყო. შარშან, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები, რომლებმაც ახალი კორონავირუსის გენომი შეისწავლეს, ცალსახად ამტკიცებდნენ, რომ „ის არ იყო ლაბორატორიაში შექმნილი ან ხელოვნურად დამუშავებული ვირუსი“. ავტორები წერდნენ, ეს არ გამორიცხავს, რომ ვირუსი შესაძლოა ლაბორატორიული შეცდომის შედეგად გავრცელებულიყო, მაგრამ მსგავსი სცენარი დამაჯერებლად არ გვეჩვენებაო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი მიავლინა კორონავირუსის წარმომავლობის დასადგენად. მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვა, მათ შორის „თანამშრომლების შემთხვევითი ინფიცირების“ მეშვეობით, პრაქტიკულად გამორიცხული იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები პანდემიის მიზეზების საკვლევად ჩინეთში 2021 წლის 24 იანვარს ჩავიდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები პანდემიის მიზეზების საკვლევად ჩინეთში 2021 წლის 24 იანვარს ჩავიდნენ.

და რას ფიქრობენ ახლა?

ბოლო რამდენიმე კვირაა, უფრო და უფრო მეტი მეცნიერი ამბობს, რომ ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის ვერსიის საბოლოოდ დასადასტურებლად არასაკმარისი მტკიცებულებები არსებობს და, შესაბამისად, ხელაღებით რაიმეს მტკიცებაც ნაადრევია.

ჯანმოს ჯგუფის ის მოხსენებაც არაერთმა ექსპერტმა გააკრიტიკა საკითხის არასაკმარისად ღრმად შესწავლისთვის. სკეპტიკოსებს შორის იყო თავად ჯანმოს გენერალური დირექტორიც. „მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის არც ერთი ჰიპოთეზაა არაა გამორიცხულიო“, - თქვა ტედროს ადანომ გებრეისუსმა 30 მარტს.

14 მაისს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა 18 წამყვანი მეცნიერის წერილი, სადაც ნათქვამია, „სერიოზულად უნდა აღვიქვათ ორივე ჰიპოთეზა - ბუნებრივი და ლაბორატორიული გავრცელების შესახებ, ვიდრე საკმარისი მონაცემები არ გვექნებაო“.

აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმაც, რომელიც შარშან ამბობდა, ყველაზე სავარაუდო ვერსია ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადასვლააო, პოზიცია შეიცვალა. ახლა ის ამბობს, რომ „დარწმუნებული არაა“, რომ ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა.

ანუ, ახლა „ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიაა“ წამყვანი?

არა. მეცნიერების დიდი ნაწილი ახლაც მიიჩნევს, რომ ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადასვლა სავარაუდო ვერსიაა - სწორედ ამ გზით გავრცელდა კორონავირუსის წინა ინფექციები - SARS და MERS.

SARS-ის ვირუსი ღამურისგან ჯერ ციბეტას გადაედო, შემდეგ კი - ადამიანს
SARS-ის ვირუსი ღამურისგან ჯერ ციბეტას გადაედო, შემდეგ კი - ადამიანს

თუმცა, ამ ინფექციებისგან განსხვავებით ჯერ არავის აღმოუჩენია „შუა რგოლი“ - ცხოველი, რომელსაც ახალი კორონავირუსი ღამურისგან გადაედო და შემდეგ ადამიანი დააინფიცირა.

ასევე, ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიას ჯერ არაფერი გამორიცხავს. ამიტომ, მეცნიერები ითხოვენ, რომ ამ ვარაუდსაც შესაბამისი, სამეცნიერო ყურადღება დაეთმოს.

რატომ მოექცა „ლაბორატორიის თეორია“ მედიის ყურადღების ცენტრში ახლა?

რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა აშშ-ის სპეცსამსახურების მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ უჰანის ლაბორატორიის სამი თანამშრომელი 2019 წლის ნოემბერში მოათავსეს საავადმყოფოში „კოვიდ 19-ის მსგავსი სიმპტომებით“. არადა, მანამდე ლაბორატორია აცხადებდა, რომ მისი თანამშრომლები კორონავირუსით პირველად დეკემბერში დაავადდნენ.

ცალკე აღებული ეს ინფორმაცია ცალსახად არაფერზე მიანიშნებს - კოვიდის მსგავსი სიმპტომები ბევრ დაავადებას აქვს, მათ შორის გაციებას და არც ისაა გამორიცხული, რომ უჰანში კორონავირუსი ნოემბერზე უფრო ადრე გავრცელებულიყო - თუმცა, ეს ფაქტიც შეიძლება „ლაბორატორიის თეორიის“ ერთ-ერთ ირიბ მტკიცებადაც იქნეს აღქმული.

ვითარებას პოლიტიკა ამღვრევს

კორონავირუსის წარმომავლობის დადგენა მხოლოდ სამეცნიერო კი არა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მქონე საკითხიცაა, რაც ზოგად სურათს უფრო გაურკვეველს და არასანდოს ქმნის.

ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა და დასავლური მედია მიზანმიმართულად ავრცელებს ჭორებს ქვეყნის დისკრედიტაციისათვის. ვირუსის წარმომავლობის დადგენასთან დაკავშირებულ კამათს ამწვავებს აშშ-ის შიდაპოლიტიკური პერიპეტიებიც - ამერიკის პოლიტიკოსების ნაწილი ენტონი ფაუჩის უპირისპირდება და იმ ფაქტს, რომ ამერიკა უჰანის ლაბორატორიას ფინანსური გრანტით დახმარებია, მის წინააღმდეგ იყენებს.

ენტონი ფაუჩი კონგრესმენების შეკითხვებს პასუხობს
ენტონი ფაუჩი კონგრესმენების შეკითხვებს პასუხობს

რატომაა მნიშვნელოვანი სიმართლის დადგენა?

კორონავირუსის წარმოშობის დადგენა მხოლოდ თეორიულ ინტერესს არ წარმოადგენს. კოვიდ-19, დიდი ალბათობით, ბოლო პანდემია არ იქნება და ინფორმაცია ამ ეპიდემიის დაწყებასთან დაკავშირებით დაეხმარება მსოფლიოს მსგავსი ვითარების თავიდან არიდებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG