Accessibility links

site logo site logo

რა არის მართალი ინდურ შტამზე და რა არა


გასულ კვირას 4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა იყო და 90,000- მდე გარდაცვლილი ადამიანი კორონავირუსის ე. წ. ინდური შტამით, რომელიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია გავრცელებული.

“ჩვენი ვაქცინები ამაზე საერთოდ არ მუშაობს” - ასეთ მოსაზრებებსაც შევხვდებით სოციალურ ქსელში კორონავირუსის ე. წ. ინდურ შტამზე.

რა ხდება რეალურად? რადიო თავისუფლების კითხვებს პაატა იმნაძემ უპასუხა.

არის აზრი: “ინდური შტამი უფრო მომაკვდინებელია“.

პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

„არ არსებობს არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ უფრო მძიმე დაავადებას იწვევს ან უფრო ლეტალურია. ვიცით, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. უბრალოდ, ვინაიდან როგორც ვთქვი, უფრო სწრაფია მისი გავრცელება და დიდი ოდენობით ადამიანებს აინფიცირებს, შეიძლება დიდი იყოს გარდაცვლილთა რიცხვიც, თუმცა პროცენტული თანაფარდობა [შემთხვევების რაოდენობასა და დაინფიცირებულთა სიკვდილიანობას შორის] არ შეიცვალოს“, - განმარტავს პაატა იმნაძე.

როცა ვირუსის გადადების რისკი უფრო მაღალია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თავდაცვა, მაგალითად, ერთის ნაცვლად ორი პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

„რუსული არხები ამბობენ, ტვინის შავი სოკოაო“.

ეს სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რას მოჰყვა ამგვარი ინტერპრეტაცია.

ამჟამად ინდოეთში კოვიდგადატანილებში სოკოს დაავადების, „მუკორმიკოზის“, გავრცელება დაიწყო, რაც იშვიათად ხდება. 27 მაისის მონაცემებით, მიმდინარე თვეს 12 000- მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ინდოეთში. ეს არის დაავადება, რომელსაც ობის სოკოები იწვევენ, რომლებიც ნიადაგში, მცენარეებში, სასუქში, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. ინფექცია თვალებს, ყურსა და ზოგჯერ ადამიანის ტვინსაც აზიანებს.

ექიმები ამბობენ, რომ პაციენტების უმრავლესობა მათთან ძალიან გვიან მიდის - მაშინ, როდესაც მხედველობა უკვე დაკარგული აქვთ. შესაბამისად, იმისთვის რომ ინფექციამ თავის ტვინამდე არ მიაღწიოს, მათ პაციენტებისთვის თვალის ამოკვეთა უწევთ, ლეტალობის მაჩვენებელი კი 54%-ია.

ექიმები ჰოსპიტალიზებულ კოვიდპაციენტებში სოკოვანი დაავადების ასეთ მასობრივ გავრცელებას იმით ხსნიან, რომ პაციენტები სტეროიდებს იღებენ, რაც იმუნურ სისტემას აქვეითებს და ინფექციაც ადვილად ერევა ორგანიზმს.

“ბლეფია… სრული აფიორა“.

ზოგისთვის ე. წ. ინდური შტამი არ არსებობს და მხოლოდ სოციალური მედიისა და ტელევიზიების მიერ შეთხზული ინფორმაციაა, იმისთვის რომ კომპანიებმა ვაქცინები გაყიდონ, თუმცა რეალურად კორონავირუსის ახალი შტამი, მუტირებული ვირუსი, არსებობს და მას მინიჭებულიც აქვს თავისი ნომერი - B1.617. ვირუსი გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა, 2021 წლის მარტში კი ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 15-20 % სწორედ ე. წ. ინდურ შტამზე მოდის.

„ჩვენი ვაქცინები საერთოდ არ მუშაობს“.

კვლევები ამ აზრის საწინააღმდეგოს ამტკიცებს. 22 მაისს ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის (PHE) მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ Pfizer ვაქცინა 88 %-ით ეფექტიანი იყო ინდოეთში პირველად გამოვლენილი ვარიანტის მიმართ.

იმავე კვლევამ აჩვენა, რომ AstraZeneca ვაქცინა 60 %-ით ეფექტიანი იყო მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ.

ორივე ვაქცინის პირველ დოზებზე ეფექტიანობა 33 % იყო ვაქცინის გაკეთებიდან სამი კვირის შემდეგ.

საქართველოში ადმინისტრირებულ სხვა ვაქცინებთან, კერძოდ, “სინოფარმსა” და “სინოვაკთან” დაკავშირებით ოფიციალური კვლევები არ არის გამოქვეყნებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG