Accessibility links

site logo site logo

რუსი ჰაკერები ეჭვმიტანილნი არიან კიდევ ერთ მასშტაბურ კიბერთავდასხმაში


რუსეთში მოქმედი დანაშაულებრივი ორგანიზაციაა ეჭვმიტანილი კიბერთავდასხმაში, რომელიც განხორციელდა ხორცის პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ბრაზილიური კონცერნის, JBS-ის ფილიალებზე აშშ-სა და ავსტრალიაში. კიბერთავდასხმას თან ახლდა კომპანიის მონაცემების შენარჩუნების სანაცვლოდ გამოსასყიდის გადახდის მოთხოვნა. გამოძიებაში ჩაერთო აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტის გამო კონტაქტი ჰქონდათ რუსეთის ხელისუფლებასთან. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, პასუხისმგებლიანი ქვეყნები გამომძალველ დამნაშავეებს ხელს არ აფარებენ.

კიბერთავდასხმის გამო, კონცერნი იძულებული გახდა 1 ივნისს წარმოება შეეწყვიტა 9 ხორცკომბინატში, საიდანაც მარაგდება ამერიკული ბაზრის დაახლოებით მეოთხედი. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, სამშაბათს, წინა კვირის სამშაბათთან შედარებით, ქვეყანაში საქონლის ხორცის წარმოება 22%-ით შემცირდა. თუ წარმოება სწრაფად არ აღდგება, ამან შესაძლოა, პროდუქტის დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვიოს. კონცერნმა უკვე განაცხადა, რომ კომბინატების უმრავლესობა მუშაობას 2 ივნისს განაახლებს.

მაისში კიბერთავდასხმა განხორციელდა ამერიკულ ნავთობსადენ Colonial Pipeline-ზე. კიბერშეტევის შედეგად, რამდენიმე დღის განმავლობაში საწვავი ვერ მიეწოდებოდა ამერიკის აღმოსავლეთ შტატებს, ბენზინგასამართ სადგურებთან კი უზარმაზარი რიგები წარმოიქმნა. ამ თავდასხმაში ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ რუსი ჰაკერები დაადანაშაულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG