Accessibility links

site logo site logo

მუქარა შუქრუთელებს - პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება, ნარკოტიკების ჩადება


სოფელ შუქრუთის საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, უკვე 10 დღეა გამოძიება მიდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარის ფაქტზე. გარდა ამისა, რადიო თავისუფლებისათვის ცნობილი გახდა, რომ საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილის მიმართ, ჭიათურის პოლიციის უფროსის მიერ განხორციელებული მუქარის ფაქტის მოკვლევა დაიწყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ.

სატელეფონო მუქარა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების შესახებ

სოფელ შუქრუთის მკვიდრის, ვერა კუპატაძის ტელეფონზე, მუქარის ზარი 24 მაისს შევიდა. 61 წლის ქალს, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი და მადნის მოპოვებით დაზარალებულთა გვერდით შიმშილობს, ამბობს, რომ მისთვის უცნობი ადამიანი, ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით დაემუქრა.

ვერა კუპატაძესთან განხორციელებული ზარის შესახებ რადიო თავისუფლებას მისი თანასოფლელი და პროტესტის მონაწილე გიორგი ნეფარიძე უყვება. თავად ვერა კუპატაძემ ჩვენთან ლაპარაკი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო. როგორც გიორგი ნეფარიძე გვეუბნება, მუქარის ზარი ქალის ტელეფონზე უცნობი, თუმცა, ღია ტელეფონის ნომრიდან შევიდა:

„24 მაისს დაურეკეს. ზარი კაცმა განახორციელა. უთხრა, ახლა მიმდინარეობს შენი ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების დამუშავება და თუ პროტესტს დაუყოვნებლივ არ შეწყვეტ, გავასაჯაროებთ კადრებს, საქვეყნოდ მოგჭრით თავს და ტალახში ამოგსვრითო. ქალმა მაშინვე დარეკა 112-ში. ამის შემდეგ, მოშიმშილეთა კარავში ამოვიდა ჭუათურის პოლიციის უფროსი, ფილიმონ აბრამიშვილი, პირველ მოადგილესთან ერთად. ქალბატონი ვერა რამდენიმე ქალთან ერთად გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მან გამოძიებას ჩვენება მისცა. არსებობს ტელეფონის ნომერი, საიდანაც განხორციელდა ზარი, არსებობს ხმა, რომელიც ელაპარაკებოდა მას და ემუქრებოდა. თუმცა, გამომძიებელმა და პოლიციის უფროსმა განაცხადეს, რომ იმ პირის ვინაობის დადგენა, რომელმაც ქალის ტელეფონზე დარეკა, თითქმის შეუძლებელიაო. რა ეტაპზეა გამოძიება, მიმდინარეობს თუ არა საერთოდ გამოძიება, ამის შესახებ არც ჩვენთვის და არც ქალბატონი ვერასთვის ცნობილი არ არის. ამ დრომდე მას არავინ დაჰკავშირებია“.

2 ივნისს, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით. უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. იდენტიფიცირებულია თუ არა პირი, რომელმაც ვერა კუპატაძის მისამართით სავარაუდო მუქარა განახორციელა და კონკრეტულად რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს გამოძიება, ამ კითხვებზე უწყებაში აღარ გვპასუხობენ.

"შენს სახლში იარაღს, ნარკოტიკს იპოვიან, დაიღუპები"

ვერა კუპატაძე არ არის ერთადერთი, რომელიც ამბობს, რომ პროტესტის შეწყვეტის მოთხოვნით, მის მიმართ მუქარა განხორციელდა. გიორგი ნეფარიძე უკვე რამდენიმე თვეა მისი და პროტესტის სხვა მონაწილეების მისამართით წამოსულ მუქარაზე და დაშინების ფაქტებზე ღიად ლაპარაკობს. ამბობს, რომ ემუქრებიან როგორც მადნის მომპოვებელი კომპანიის წარმომადგენლები, ისე პირადად ჭიათურის პოლიციის უფროსი, ფილიმონ აბრამიშვილი.

მიმდინარე წლის თებერვალში, 29 წლის გიორგი ნეფარიძისა და პროტესტის ხუთი მონაწილის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებაც დაიწყო. გიორგი ნეფარიძე მათ წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს სწორედ საპროტესტო აქციებს უკავშირებს. ოთხ ბრალდებულს გამოძიება სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. რაც შეეხება გიორგის და პროტესტის კიდევ ერთ მონაწილეს, მათ ბრალად ედებათ მედიაჰოლდინგ „კვირას“ ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

„მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ღამის 3 საათზე, პოლიციის უფროსი თავის სამ მოადგილესთან და პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად, როგორც კრიმინალთან, ისე მოვიდნენ. მოვიდნენ იმისათვის, რომ გადმოეცათ ორდერი მოწმის სტატუსით დასაბარებლად. 16 თებერვალს კი უკვე მაღაროსთან მიმდინარე აქციიდან გადამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. 4 საათის განმავლობაში არც არავის დავუკითხივარ, არც ბრალი წაუყენებიათ. პოლიციის უფროსი ფილიმონ აბრამიშვილი და გამომძიებელი ვოვა ციცქიშვილი, პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ თუკი აქციაზე მყოფ ჩემ თანასოფლელებს არ შევუთვლიდი, რომ კომპანიისთვის მიეცათ მადნის მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა, მაშინ ჩემს სახლში იპოვიდნენ, იარაღს, ნარკოტიკს, თავს დავიღუპავდი და ხანგრძლივი პერიოდის გატარება მომიწევდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იქ შემექმნებოდა ჯანმრთელობის პრობლემა. იქიდან ან გამოვიდოდი ცოცხალი და ან არა და კომპანია მაინც იმას გააკეთებდა, რაც სურდა. ეს მუქარები რამდენიმე საათს გაგრძელდა. 16 თებერვალს გვიან გადამიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში და ბრალი წამიყენეს ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლისთვის, რაც სრული აბსურდია. ამ ბრალდებით კიდევ ერთი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება და საქმე ისე შეკერეს, რომ თურმე, სწორედ ამ პირთან ერთად გადავაადგილდებოდი და თურმე, მასთან ერთად მიმიყენებია შეურაცხყოფა ჟურნალისტებისათვის, რაც სრული სიცრუეა. ამ ეტაპზე, გირაოს სანაცვლოდ ვართ გათავისუფლებულები. უკვე ოთხი სასამართლო სხდომა ჩატარდა, ბოლო სხდომა 15 აპრილს ჩატარდა და ამ დროისთვის, ჩემი პროცესი უვადოდაა გადადებული“.

გიორგი ნეფარიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტების შესახებ საქმის კურსშია სახალხო დამცველის ქუთაისის ბიუროც. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, გიორგი ნეფარიძემ ინფორმაცია პოლიციის უფროსის მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტზე მაისის ბოლოს მიაწოდა.

აწარმოებს თუ არა მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიათურის პოლიციის უფროსის მიერ, სავარაუდოდ, განხორციელებული მუქარის ფაქტზე? რადიო თავისუფლებამ 2 ივნისს ამ კითხვითაც მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუმცა, როგორც უწყების პრეს-სამსახურში განგვიმარტეს, ამის შესახებ მათ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ აქვთ.

როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, 2 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, გიორგი ნეფარიძეს დაუკავშირდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის წარმომადგენელი, ზურაბ სვანაძე. გიორგი ნეფარიძის თქმით, პროკურატურა, ჭიათურის პოლიციის უფროსის მიმართ გამოთქმული ბრალდებებით დაინტერესდა:

„როგორც განმიმარტა, უნდა გამოგკითხოთ სახალხო დამცველის ოქმის საფუძველზე, სადაც ფილიმონ აბრამიშვილის მიერ განხორციელებულ მუქარის ფაქტებზე ვილაპარაკე. თავდაპირველად მითხრა, რომ ქუთაისში უნდა ჩავსულიყავი გამოკითხვაზე. თუმცა, ვუთხარი, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ უკვე 23 დღეა ვშიმშილობ, ქუთაისში ჩასვლას ვერ მოვახერხებდი. მოგვიანებით, კვლავ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში ჩამოვლენ და აქ ჩატარდება გამოკითხვა, სადაც აუცილებლად მივაწვდი ყველა დეტალსა და ინფორმაციას“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის ცხრა მკვიდრი, მეოთხე დღეა თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან ზის. მადნის მოპოვებით დაზარალებულთა პროტესტმა, რომელიც უკვე 107 დღეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან მიმდინარეობს, 30 მაისს თბილისში გადმოინაცვლა. ისინი 23-ე დღეა შიმშილობენ. მოშიმშილეების უმეტესობამ, ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე რთულდება და პერიოდულად სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება სჭირდებათ. ამბობენ, რომ შიმშილობას იმ დრომდე არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და სანამ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზსა" და მათ შორის სამართლიანი ხელშეკრულება არ გაფორმდება.

სოფელ შუქრუთში მცხოვრები 11 ოჯახი აპროტესტებს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად მათთვის მიყენებულ ზიანს, ითხოვენ დაბზარული სახლებისა და დაზიანებული გარემოს კომპენსაციის სამართლიანად განსაზღვრას და ამ პროცესში ხელისუფლების ჩართულობას, რაკიღა თვლიან, რომ კომპანია მათზე დაკისრებულ მოვალეობას არაკეთილსინდისიერად ასრულებს და დაზარალებულ მოსახლეობას ბუნდოვან ხელშეკრულებას სთავაზობს. შუქრუთელებმა 31 მაისს წერილით მიმართეს აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსაც და ამ პროცესში ფასილიტატორის ფუნქციის შესრულება სთხოვეს.

კელი დეგნანმა 2 ივნისს განაცხადა, რომ საელჩო ცდილობს შეასრულოს ფასილიტატორის როლი, რათა ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა მიიღონ შესაბამისი დახმარება და მათ წუხილებს შეისმენენ:

„ჩვენი ადამიანის უფლებათა ოფიცერი შეხვდა მათ და მოისმინა მათი წუხილები. ჩვენ ვცდილობთ შევახვედროთ ისინი სახალხო დამცველს და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მათ მიიღონ დახმარება და გადაჭრან პრობლემები. ჩვენი როლი შეიძლება იყოს დაკავშირება, სხვა მხრივ აქ აშშ-ის ინტერესი არ არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი კარგად არიან და მათ წუხილებს შეისმენენ“, - უპასუხა რადიო თავისუფლებას კელი დეგნანმა.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ კომპანია მზადაა დააკმაყოფილოს აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, რაც შუქრუთში საქმიანობით გამოწვეული ზარალის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეფასებას ითვალისწინებს. კომპანია აცხადებს, რომ მზადაა კომპენსაცია სამხარაულის ბიუროს შეფასების საფუძველზე გასცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG