Accessibility links

site logo site logo

სოლიდარობა რიონის ხეობის მცველებს: პოლიციელი და ჯარისკაცი ამბობენ, რომ სისტემას ტოვებენ


ნიკოლოზ კვანჭიანი, ზურაბ ხმელაძე

ვანის პოლიციის დეტექტივმა და მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ჯარისკაცმა თქვეს, რომ დატოვეს სამსახური უკანონო დავალებებისა და აზრის გამოხატვის შეზღუდვის გამო. ორივე ყოფილი ძალოვანი სოლიდარობას უცხადებს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ადგილობრივი პოლიცია აქამდე 10-მდე ადამიანმა დატოვა, თუმცა ეს ამბები არ გასაჯაროვებულა.

„არავის დავეკითხები, რომელ აქციაზე წავიდე“

2 ივნისს, ნიკოლოზ კვანჭიანმა - რომელიც ამტკიცებს, რომ სამწელიწადნახევარი მსახურობდა ჯარისკაცად - საკუთარ ფეისბუკზე დაწერა, რომ ტოვებს ძალოვან უწყებას და მხარდაჭერას უცხადებს რიონის ხეობის მცველებს.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თავდაცვის ძალების რიგები! ჩემი მხარდაჭერა, პირველ რიგში, სამშობლოს შემდეგ კი რიონის ხეობის მცველებს! რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, - წერს ნიკოლოზ კვანჭიანი. მისივე პოსტების მიხედვით, ის აქტიურად უჭერს მხარს „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო მოძრაობას.

მანამდე კვანჭიანმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ გადაწყვიტა ქვეყანას ემსახუროს სამოქალაქო სექტორიდან, სადაც პირადი აზრის დაფიქსირებას არ უზღუდავენ.

„მივიღე გადაწყვეტილება რომ ჩემს ქვეყანას სამოქალაქოდან, იქიდან ვემსახურო საიდანაც შევძლებ ჩემი პირადი აზრის დაფიქსირებას, სადაც სიტყვის თავისუფლება არ შემეზღუდება, სადაც არავის დავეკითხები თუ რომელ აქციაზე წავიდე ან სად ვაპირებ გადაადგილებას ჩემს კუთვნილ შვებულებაში!“ - წერს ის.

რადიო თავისუფლებამ სცადა გაეგო კვანჭიანისგან, ვინ, რატომ და რასთან დაკავშირებით უზღუდავდა აზრის გამოხატვას, თუმცა ნიკოლოზი დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

„რაც გავაკეთე განცხადება, იმის იქით აღარ ვაპირებ“, - ამბობს ის.

კვანჭიანის მტკიცებით, ის ნამდვილად მსახურობდა თავდაცვის ძალებში - ჯერ სავალდებულო სამსახურში, შემდეგ კონტრაქტით, ბაზა ალგეთის საქმისმწარმოებლად, მოგვიანებით კი მეტყვიამფრქვევედ - და ამის ამსახველი „უამრავი ფოტო-მასალა“ აქვს.

„უკანონო დავალება“

სატელევიზიო ეთერით განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა, ზურაბ ხმელაძემ. ის „მთავარ არხთან“ განმარტავს, რომ არ აპირებს შეასრულოს „უკანონო დავალება“ და შეუზღუდოს გადაადგილება „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს.

სოფელ გუმათში სამი თვეა რკინის კედელი აღმართეს და მას შემდეგ იქ სამართალდამცველები მორიგეობენ. პოლიცია ჯებირს მიღმა არ უშვებს რიონის ხეობის მცველებსა და მათი მხარდამჭერებს, რომლებიც 218 დღეა, „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ და კვირაზე მეტია, რაც პროტესტის ნიშნად ყოველ საღამოს რამდენიმე საათის განმავლობაში შეუჩერებლად აბრახუნებენ რკინის კედელზე.

„პოლიციის მიერ… ჩემ მიერაც, ასე ვთქვათ… მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდნენ იქეთ, სადაც ჰყავთ მშობლები, აქვთ საცხოვრებელი სახლი, ვუზღუდავდით თავისუფლად გადაადგილების უფლებას“, - ამბობს ხმელაძე და განაგრძობს: „ყოველდღიური უკანონო დავალებაა, რასაც ვაკეთებთ ნამოხვანის, რიონის ხეობის გადარჩენისთვის რომ არიან ის ადამიანები ერთად შეკრებილები მათთან მიმართებაში - დისკრიმინაციული დამოკიდებულება და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა“.

ხმელაძე, ასევე, ამბობს, რომ მის გარეშემო ბევრს სურს სისტემიდან წასვლა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ბედავენ.

„ძალიან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზეც, სინდისზეც, ნამუსზეც, როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა ქვეყნისთვის და შენ, ფორმიან ადამიანს, რომელსაც გევალება საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი მიწის დაცვა, განზე ხარ გამდგარი და, პირიქით, ხელს უშლი მათ“, - ამბობს ის.

კიდევ 10 ყოფილი პოლიციელი

ვარლამ გოლეთიანი, რიონის ხეობის პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ იცნობს კიდევ 10-მდე ადამიანს, რომელმაც ადგილობრივი პოლიცია დატოვეს, თუმცა მათი ამბები არ გასაჯაროვებულა.

„ჩვენ ვიცით, რომ იყო ბევრი შემთხვევა წასვლის, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობდა. ჯებირთან ვინც იდგა ის ადამიანები. უბრალოდ საჯაროდ არ გამოსულა ეს ინფორმაცია. მათ შორის, არიან ახლობელი ოჯახის წევრები.

გოლეთიანის თქმით, ნიკოლოზ კვანჭიანსა და ზურაბ ხმელაძეს პირადად არ იცნობს, თუმცა მათ გადაწყვეტილებას მხოლოდ მიესალმება.

„ის, რისთვისაც ვიბრძვით ყველას პასუხისმგებლობაა“, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი და ამატებს: „მართალია, რთულია სამსახურის დატოვება, როცა დამოკიდებული ხარ მასზე, მაგრამ სხვა საკითხია, როცა უშუალოდ გიწევს უკანონო დავალებების შესრულება და ამის წინააღმდეგ როცა მიდიხარ დასაფასებელი ნაბიჯია და ყველას გვიხარია, რომ ასეთი პრეცედენტი მოხდა“.

„ეს [ზურაბ ხმელაძის] არის პირველი მაგალითი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება ბოლო“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი, დეპუტატი „ლელოდან“. ის იხსენებს თავის პირველ გამოსვლას პარლამენტში, როცა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მიმართა საპოლიციო სისტემა ჩამოგეშლებათო.

„ადამიანებს, რომლებსაც აძლევენ უკანონო და უღირს დავალებებს, სულ უფრო და უფრო გაუჩნდებათ პროტესტი იმისა, რომ ამ სისტემას არ ემსახურონ და ამათი უკანონო ამათი უკანონო და უღირსი დავალებების გამო თავად არ მიიღონ ტალახი საკუთარი ხალხისგან“, - ამბობს ის.

ყოფილი პოლიციელისა და ჯარისკაცს გადაწყვეტილება მოუწონა უკრაინიდან საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც.

„აქ საუბარია სამართლიანობაზე და სამართლიანობის მხარეზე უნდა იდგეს ყველა, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა. ყოჩაღ ჩვენ ოფიცრებს და მოვუწოდებ იგივე მიდგომისკენ ყველა სხვას, ვისაც აიძულებენ, უკანონო ბრძანებები შეასრულონ“, - ამბობს სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.

ხელისუფლების მტკიცებით, რიონის ხეობაში ყველას აქვს შესაძლებლობა მივიდეს სახლში, თუ ის რკინის ბარიკადს მიღმა ცხოვრობს.

„სისტემას ტოვებს დღეში ასობით ადამიანი ზოგი რა მიზეზით, ზოგი რა მიზეზით. თუ რაიმე აქვს პრეტენზია სამართლებრივი, მიხედოს საქმეს, იჩივლოს. უკანონოდ ვიღებთ ბრძანებას რომ ამბობს, ამას სჭირდება დადასტურება, იქნებ უბრალოდ ემხრობა ამ "ნამახვანჰესის" საპროტესტო აქციას, ამისი შინაგანად მომხრეა და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი", - უთხრა ბექა დავითულიანმა „მთავარ არხს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG